თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფომ უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა ტყიბულში მომხდარ ფაქტზე საუბრისას განაცხადა და დროებითი მმართველის საჭიროებაზე ისაუბრა.
"როდესაც რამდენიმე თვის წინ ასეთი ტრაგედია მოხდა ტყიბულში, მაშინვე განვაცხადე, რომ სასწრაფოდ საჭირო იყო დროებითი მმართველის შეშვება ტყიბულში და შემდეგ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ უნდა მომხდარიყო ყველა დარღვევის, სტანდარტის,საინჟინრო თუ სხვა ინფრასრუქტურული მოწყობილობის გამოსწორება და მოდერნიზაცია. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გაგრძელებულიყო სამუშაო პროცესი. ეს არის მიღებული პრაქტიკა. თუ კერძო დამსაქმებელი, კომპანია არ ასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს, სახელმწიფო არის პასუხისმგებელი თავის მოქალაქეების მიმართ და მან უნდა აიღოს ეს პასუხისმგებლობა. ეს მოთხოვნა მაშინ ძალაში იყო. მე მოვერიდები იმას, რომ ვინმეს მიმართულებით ხელი გავიშვირო და ვინმეს ბრალეულობაზე ვისაუბრო,მაგრამ ჩემ ინიციატივას მაშინ მეტი მხარდაჭერა რომ ჰქონოდა, შეიძლება ეს ტრაგედია თავიდან აგვეცილებინა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ჟურნალისტებმა პარლამენტის თავჯმდომარის ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვეს კითხვა, რაზეც ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ ახლა ვინმესკენ ხელის გაშვერის დრო არ არის.
"ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ირაკლი კობახიძეს და კონკრეტულ ადამიანებს. ჩვენ უბრალოდ მივეჩვიეთ ამ ტრაგედიების ფონზე სამძიმრის გამოთქმას, 2-3 დღიან დისკუსიას ამ თემაზე და შემდეგ ეს თემა რჩება მივიწყებული. რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, ის პარლამენტის თავმჯდომარეა, უმრავლესობა არ შედგება მხოლოდ პარლამენტრის წევრებისგან. უმრავლესობის ნაწილია მთავრობაც, ეს არის ერთი გუნდი. ამიტომ პასუხისმგებლობის გადაბარება სხვაზე მე სწორად არ მიმაჩნია. ამან გაიჟღერა ისე, რომ თითქოს ვინმემ რაღაც არ შეასრულა", - განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
მისივე თქმით, შესაცვლელია სოციალური წესრიგი და აუცილებელია საუბარი დასაქმებულებთანაც და არა მხოლოდ კომპანიასთან.
"მარტო ინვესტორებს და კომპანიებს ველაპარაკებით, დასაქმებულს არავინ ელაპარაკება. ეს არის პრობლემა. სანამ ჩვენ არ ვიგრძნობთ, რომ ეს ადამიანები არანაკლებ მნიშვნელოვანი არიან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის, გვიქმნიან დოვლათს დამსაქმებელთან ერთად და არ დავაფასებთ ამ ადამიანებს, მანამდე გვექნება ასეთი დამოკიდებულება - მთავარია ვინმემ ბიუჯეტში ფული შეიტანოს და რის ხარჯზე, ამას მნიშვნელობა არ ექნება", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიაჩნია თუ არა დაგვიანებულად მინდელის შახტის დახურვა, ბექა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ მას დაგვიანებულად მიაჩნია.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, შრომის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას ყოველთვის სწორი პოზიცია ჰქონდა, მაგრამ მაშინდელი სამთავრობო ხელმძღვანელობის “ხისტმა პოზიციამ“ უმრავლესობას სწორი ზომების მიღებისა და სათანადო ცვლილებების განხორციელების საშუალება არ მისცა და ეს სასწრაფო ცვლილებებს საჭიროებს.