დღეს გამთენიისას, ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში მომხდარ შემთხვევას 4 მუშის სიცოცხლე ემსხვერპლა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ, მეთანის აფეთქების შედეგად, კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა.
ადგილზე გარდაიცვალნენ შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატები - 30 წლის ლაშა ფორჩხიძე, 55 წლის მიხეილ გამეზარდაშვილი, 57 წლის იოსებ ქარქაშაძე და 57 წლის მურმან ლილუაშვილი. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით საავადმყოფოში 6 პირი გადაიყვანეს. მომხდარი ტრაგედიის შემდეგ "საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი" მზადყოფნას გამოთქვამს, კომპანია "საქნახშირი" სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცეს.