ქუთაისში, პარლამენტის სხდომათა დარბაზში თინა ბოკუჩავა და ეკა ბესელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის თინა ბოკუჩავას გაღიზიანება ეკა ბესელიას იმ განცხადებამ გამოწვია, რომელმაც განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა თინა ბოკუჩავას ბიუჯეტის ხარჯზე ოქროს სამაჯური აჩუქა.
„შე სამარცხვინო ქალო. შენ გგონია, რომ გაგივა ეს ყველაფერი? შენი ყაჩაღი შვილის საქმეებს ვთარგმნიდი NDI-ში როდესაც ვმუშაობდი, 2004 წელს კი ვსწავლობდი დაფინანსებით, რომელიც ამერიკაში მომცეს. შენი შვილის მსგავსად იარაღით და დანებით კი არ დავრბოდი, ვსწავლობდი. ძალიან კარგად იცი შენ ჩემი წარსული, ამიტომ, ენას კბილი დააჭირე, შე მაიმუნო ქალო“, - მიმართა თინა ბოკუჩავამ ეკა ბესელიას.
ეკა ბესელიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, თინა ბოკუჩავას სიმართლე არ მოეწონა და ამან გამოიწვია მისი გაღიზიანება. როგორც ეკა ბესელიამ განაცხადა, თინა ბოკუჩავს სახელი აღმოჩნდა იმ სიაში, რომლითაც ადამიანები ძვირფას ნივთებს იღებდნენ ბიუჯეტის ხარჯზე.
„სიმართლის მოსმენა, როგორც ჩანს გაუჭირდა ქალბატონ ბოკუჩავას, მაგრამ მას მოუწევს ხშირად მოისმინოს ეს სიმართლე, იმის საპასუხოდ, რა სიცრუესაც ავრცელებს ხოლმე. ჩემი პასუხი ეფუძნება კონკრეტულ მტკიცებულებებს, როდესაც ის საუბრობს კორუფციაზე და აყენებს ბრალდებებს, რომელიც მართლა შეიცავს ცილისმწამებლურ შინაარსს და ვთხოვთ მას, დადოს კონკრეტული ფაქტები. ექვსი წელი ლაპარაკობენ ასეთი კონტექსტით და ფაქტები არ აქვთ. პასუხად მან მიიღო ის კონკრეტული მასალა, რომელიც აღმოჩნდა პარლამენტში შემოსულ მასალებში. როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და სახელმწიფო დაცვის სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვითი დოკუმენტაცია იყო გამოთხოვილი, იქ აღმოჩნდა ბევრი ნაცნობი სახელი და გვარი, მათ შორის იყო ბოკუჩავა, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეგზავნებოდა საჩუქრები ძვირფასი ნივთების სახით. იმ საქმეზე სააკაშვილს ბრალი დაედო, განაჩენიც გამოტანილია. ამ საჩუქრების საერთო რაოდენობა და სხვა თანხები, რომელსაც იყენებდა პირადი ინტერესებისთვის სააკაშვილი, 8 მილიონს გასცდა. როდესაც ქალბატონი ბოკუჩავა საუბრობს ცილისწამებაზე, ფაქტი არ აქვს. მე კონკრეტული ფაქტი მოვუყვანე და ვკითხე, რატომ იღებდა ასეთ საჩუქრებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ადამიანი, რომელიც მაშინ არ იყო მის პარტიაში და სხვა პოზიციაზე იყო. ეს მწარედ მოეჩვენა ქალბატონ ბოკუჩვას. თუ უნდა იჩივლოს, მიბრძანდეს. დამოუკიდებელი სასამართლოა და იმ სასამართლოში, იმ საქმეში იპოვის დოკუმენტებს, სადაც ეს ფაქტი ფიგურირებს“,- განაცხადა ეკა ბესელიამ.