ავტორი:

მახეში გაბმა,  ბეწვის ხიდზე გავლა, ყურით მოთრეული ამბავი... - ცნობილი გამონათქვამების უცნობი წარმოშობა

მახეში გაბმა,  ბეწვის ხიდზე გავლა, ყურით მოთრეული ამბავი... - ცნობილი გამონათქვამების უცნობი წარმოშობა

ენაში არსებობს ისეთი მყარი შესიტყვებები, სიტყვათა თავისებური დაკავშირება, მტკიცედ ჩამოყალიბებული გამონათქვამები და ფრაზები, რომლებიც საუბრისას გარკვეული მნიშვნელობით გამოიყენება. მათ წარმოშობა-განვითარებას კი ენათმეცნიერება შეისწავლის.

სახელმწიფო ენის დეპარტამენტი ამ მიმართულებით აქტიურად მუშაობს და ამ გამონათქვამების, რომელთა შორის ბევრი ნაცნობია, უცნობ ისტორიებს აგროვებს, სწავლობს. ამ ყველაფერს შემეცნებით-საგანმანათლებლო ხასიათი და მნიშვნელობა აქვს. გვინდა, რამდენიმე მათგანი შემოგთავაზოთ.

* ყურით მოთრეული ამბავი - გამოგონილი, ჭორი. ანალოგიურია - თითიდან გამოწოვილი. ორივე გამოთქმა - ძველი რომის კანონმდებლობიდან მომდინარეობს. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას მოწმე პროცესზე თუ არ გამოცხადდებოდა, მას ძალით ყურით მიათრევდნენ მოსამართლესთან.

* მახეში გაბმა - საფრთხეში ჩავარდნა, ცუდ მდგომარეობაში აღმოჩენა, ხელის მოცარვა. ამ გამონათქვამის სხვადასხვა ვარიანტიც არსებობს: "მახეში გაყოფა ფეხების"; "მახეში თავის გაყოფა".

* თითზე არ მიკბინოს - ამ გამონათქვამს იყენებენ, როცა უნდათ ვინმეს უსუსურობის ხაზგასმა. თითზე არ მიკბინოს - პატარაა, უსუსურია, პასუხისმგებლობა არ მოეთხოვება.

* ბეწვის ხიდზე გავლა - საფრთხის, განსაცდელის გამოვლა, სირთულის დაძლევა. გამონათქვამი მოდის ხალხის ძველი რწმენიდან საიქიოს შესახებ: კაცს, სანამ სამოთხეში ან ჯოჯოხეთში შევიდოდა, გზად ხვდებოდა ადუღებული კუპრის ზღვა, რომელზეც ხიდად ბეწვი იყო გადებული. კაცს ეს ხიდი უნდა გაევლო. თუ ადამიანი ცოდვილი იყო, ბეწვი ჩაუწყდებოდა და სამუდამოდ რჩებოდა კუპრში. უცოდველ, კარგ კაცს კი მისი ნამოქმედარი სიკეთე და მადლი „მხრებში შეუჯდებოდა“ და მშვიდობიანად გადაატარებდა ბეწვის ხიდს. ასე ხვდებოდა სამოთხეში.

* ფარდის ახდა - გამონათქვამი ნიშნავს ვინმეს ან რამის მხილებას, გამოააშკარავებას, დაფარულის გამომჟღავნებას, დღის სინათლეზე გამოტანას. ფარდააუხდელი - დაფარული, უცნობი, საიდუმლო, გამოუმჟღავნებელი, გაუმხელელი.

* კვერის დაკვრა - დამოწმება, მოწმედ დადგომა, მომხრობა, მხარის დაჭერა, დადასტურება, თანხმობა. ამ გამონათქვამში პარალელი არის გავლებული მჭედლის გახურებულ რკინასა და ადამიანის ლაპარაკს შორის. მაგალითად, სამჭედლოში გახურებულ რკინას კვერი მაშინვე, მის გაცივებამდე, უნდა მოხვდეს, რომ გამოიჭედოს და კარგად გამოიწრთოს. რაიმე ნათქვამს თანამოსაუბრის მხრიდან დამოწმება მაშინვე უნდა, რომ დროის გასვლის შემდეგ ეს ნათქვამი „არ გაცივდეს“ და ძალა არ დაეკარგოს.

* დათვი მჭლე და შენ მსუქანი - დათვი გახდეს, შენ კი გასუქდიო. ასე ლოცავენ ჩვილ ბავშვებს, როცა ჰბანენ და უსურვებენ ჯანმრთელობასა და მოძლიერებას. დათვივით ხორცისა და ქონის შემატებას, ჯანსა და ღონეს.

* სიტყვის ბანზე აგდება - პირდაპირი, სათანადო პასუხის თავიდან არიდება, აზრის თუ ნათქვამის განგებ გაბუნდოვანება, საუბრის უეცრად სხვა თემაზე გადატანა (მისი მიფუჩეჩების მიზნით). მოსაუბრის თავიდან მოშორება, მის ნათქვამზე პასუხის მიუცემლობა.

* აინუნში მოსვლა - დანახვას, მოწონებას, რადმე მიჩნევას, ანგარიშის გაწევას, მორიდებას ნიშნავს. ა ი ნ უ ნ არაბულად თ ვ ა ლ ს ნიშნავს. აქედან მოდის გამონათქვამი ქართულად „თვალში მოსვლა“. ყველაზე ხშირად ასეთი ფორმით გვხვდება: „აინუნშიაც არ მომდიოდა“, „აინუნშიაც არ აგდებდა“. არაფრად არ აგდებს, არაფრად მიიჩნევს, ვითომც აქ არაფერიაო.

* მარცხენა ფეხზე ადგა - უიღბლო დღე დაუდგა. საპირისპირო აზრის გამომხატველია: მარჯვენა ფეხზე ადგა - იღბლიანი დღე დაუდგა. ძველად ითვლებოდა, რომ მარჯვენა მხარე და ყველაფერი, რაც მარჯვნივაა, სასიკეთოა. უიღბლო დღე თუ დადგებოდა, იტყოდნენ - მარცხენა ფეხზე ავდექიო. ხალხის ცრუმორწმუნეობის თანახმად, საწოლიდან მარცხენა ფეხზე ადგომას მთელი დღის განმავლობაში მოსდევდა მარცხიანობა, საქმეში ხელის მოცარვა, წაგება. მარჯვენა ფეხზე ადგომა ნიშანი იყო გამარჯვების, ყველა დაწყებული საქმის წარმატებით ჩატარებისა, იღბლიანობისა და ბედნიერებისა.

* ჩაილურის წყალი დალია - უკვალოდ დაიკარგა, გაქრა, დავიწყებას მიეცა. ჩაილურის წყალი დალია - ეს საქმე წასულია (უიმედოა), ამ საქმეს აღარაფერი ეშველება. ჩაილური მდინარეა აღმოსავლეთ საქართველოში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში. მას სათავე აქვს გომბორის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 1435 მ სიმაღლეზე. იმ დროს, როდესაც დაღესტნელი ფეოდალები თავს ესხმოდნენ ქართლ-კახეთს, მდევარი ტყვეებისა და მოპარული საქონლის დასახსნელად და უკან დასაბრუნებლად ჩაილურის ხევამდე მისდევდა მტერს. როცა თავდამსხმელები მოპარულ საქონელს ჩაილურის წყლის გაღმა გადაყვანას მოასწრებდნენ, მისი დაბრუნების იმედი უკვე აღარავის ჰქონდა. ამიტომ გამოთქმის თავდაპირველი მნიშვნელობა იყო: უიმედო სიტუაციის, მიუღწეველი მიზნის გამოხატვა. ჩაილურის წყალი დალია - უკვალოდ დაიკარგა, გაქრა, დავიწყებას მიეცა.

* ბუზი სპილოდ აქცია - ამბავი, მოვლენა გააზვიადა. ეს გამონათქვამი გვხდება ძველი ბერძენი მწერლის, ელინისტური ეპოქის დიდი სატირიკოსის ლუკიანე სამოსატელის (დაახლოებით 125-190 წწ.) ერთ-ერთ სატირულ ნაწარმოებში „ხოტბა ბუზს“.

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ