ავტორი:

"თვითონ ფულს შოულობენ, ჩვენ ნაგავს გვაყრიან პირში" - საჩხერის სოფელში ქვიშის კარიერის ამოქმედებას აპროტესტებენ

"თვითონ ფულს შოულობენ, ჩვენ ნაგავს გვაყრიან პირში" - საჩხერის სოფელში ქვიშის კარიერის ამოქმედებას აპროტესტებენ

საჩხერის რაიონ სოფელ სავანის მოსახლეობა მათი საცხოვრებლების მიმდებარედ დამატებითი კაერიერის ამოქმედებას აპროტესტებს. როგორც სოფლის მცხოვრებლები განმარტავენ, სავანესთან ახლოს ქვიშის კარიერები უკვე ფუნქციონირებს, შედეგად, მათი სახლების წინ ქვიშით დატვირთული მძიმე ტექნიკა უწყეტად მოძრაობს, რაც მტვრის წარმოქმნისა და საცხოვებელი პირობების გაუარესებას იწვევს, ჯანმრთელობას კი საფრთხეს უქმნის. ადგილობრივები მიიჩნევენ, რომ დამატებითი კარიერის გახსნით სოფელში ცხოვრება კიდევ უფრო გართულდება.

სავანის მცხოვრებლები განმარტავენ, რომ უკვე არსებული კარიერების გამო, სავანეში სასუნთქი გზებისა და სიმსივნურმა დაავადებებმა იმატა, ყველაფერთან ერთად კი სოფელი ეკოლოგიური კატასტროფის წინაშე დგას, ხოლო ახალი კარიერის გახსნის შედეგად სავანის გზაზე ყოველდღიურად დამატებით 150 სატვირთო ავტომობილი ივლის, ქვიშით დატვირთვა კი საცხოვრებელი სახლებიდან 100 მეტრში მოხდება.

„სოფელი უკიდურესად დაბინძურებულია, თვითონ ფულს შოულობენ, როგორც უნდათ, ისე იქცევიან და ჩვენთვის არავინ ზრუნავს, მხოლოდ ნაგავს გვაყრიან პირში. ეს კარიერი უნდა გაუქმდეს" - აღნიშნავს სოფლის ერთ-ერთი ასაკოვანი მცხოვრები, რომელიც უკვე წლებია, ქვიშით დატვირთული სატვირთო ავტომობილებისგან დამტვერილ საკუთარ საცხოვრებელზე წუხს.

„სასუნთქი მოწყობილობის გარეშე ჩემი აქ ცხოვრება უკვე აღარ შეიძლება, ასე განმიმარტა ექიმმა. დაახლოებით 300 მეტრში იხსნება ახალი კარიერი, რისი წინააღმდეგებიც ვართ, იზრდება სიმსივნური დაავადებების რიცხვი და არამარტო ჩემს ოჯახში, არამედ სხვებთანაც. გარდა ამისა, ძალიან ბევრი ბავშვი უკვე ალერგიული გახდა“ - განმარტავს სოფლის მცხოვრები.

სავანის მცხოვრებთა ნაწილი ახალი კარიერის გახსნაში კიდევ ერთ საფრთხეს ხედავს. კერძოდ, მათი ინფორმაციით, სოფელი მეწყერსაშიშ ზონაშია, აქ ადრე მიწისძვრის შემთხვევაც დაფიქსირდა და საცხოვრებლების ნაწილი მნიშვნელოვნად დააზიანა, ახალი კარიერი კი მსგავს საფრთხეებს კიდევ უფრო გაზრდის.

გარდა აღნიშნული პრობლემებისა, სავანის მოსახლეობა რეგიონში შესულ ახალ კომპანიას ასწლოვანი, წითელ ნუსხაში შეტანილი ხეების გაჩეხვასაც ედავება, რაც, ადგილობრივების ინფორმაციით, სავარაუდოდ, მომავალშიც გაგრძელდება. „გაიჩეხა მუხის, წაბლის, ცაცხვისა და ცხავის ხეები. მაგალითად, წაბლები მაღლა, ტრაქტორებით გადააჩოჩეს“ - წუხს სოფლის მცხოვრები.

AMBEBI.GE დაინტერესდა, რომელი კომპანია იწყებს სოფელ სავანის მიმდებარედ ქვიშის მოპოვებით სამუშაოებს და როგორ მიიღო ამის უფლება. როგორც გავარკვიეთ, მოპოვებითი სამუშაოების დაწყებას კომპანია „იცქისის ქვიშა“ აპირებს, რომლის დირექტორი, ნოდარ ბუღაძე განმარტავს, რომ კარიერი სოფლიდან იმდენად მოშორებითაა, ადგილობრივებს სხვა ქვიშის მომპოვებელ კომპანიებზე მეტ საფრთხეს ვერ შეუქმნის. გარდა ამისა, მოსახლეობის მოთხოვნას, რომ „იცქისის ქვიშის“ კარიერმა სამუშაოები არ დაიწყოს, სუბიექტურს უწოდებს და განმარტავს, რომ ადგილობრივებს დისკომფორტს ამ ეტაპზე სხვა კომპანიები უქმნიან, ისინი კი მაინც ახალი კარიერის გაჩერებას მოითხოვენ.

"ჯერ ქვიშის მოპოვება არც დაგვიწყია და კარიერიდან არავითარი პროდუქცია არ გამოგვიტანია. ამ ეტაპზე შიდა სამუშაოები გვაქვს. რომ შეხედოთ, სხვა კარიერები, რომლებიც იქ ფუნქციონირებს, დაახლოებით 500-600 მეტრის სიგრძეზეა გადაჭიმული, ჩვენი კაერიერის სიგანე კი მაქსიმუმ 100 მეტრია. შესაბამისდ, ისინი თუ 50 000 კუბს მოიპოვებენ, ჩვენ შეიძლება, 5 000 კუბი მოვიპოვოთ და წარმოიდგინეთ, რამხელა სხვაობაა ჩვენსა და მათ მოპოვებას შორის“ - აღნიშნავს ბუღაძე.

კომპანიის დირექტორი ასევე განმარტავს, რომ კარიერი, რომელზეც „იცქისის ქვიშა“ მოპოვებით სამუშაოებს იწყებს ახალი არ არის და ის მოქმედ მდგომარეობაში მიმდინარე წელს კავშირ-ასოციაცია "ატუსგან" შეიძინეს, რომელზეც AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, სამუშაოების დაწყების ლიცენზია 2007 წელს გაიცა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.

ნოდარ ბუღაძე ხეების მოჭრის ფაქტებსაც უარყოფს. მისი თქმით, მოსახლეობას თავად რამდენჯერმე შეხვდა და პირობა მისცა, რომ მსგავსი რამ არ მოხდებოდა, თუმცა სავანის მცხოვრებლები განსხვავებულ სცენარზე საუბრობენ.

აღსანიშნავია, რომ 2013 წელს საქართველოს მაშინდელი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მიერ კავშირ-ასოციაცია "ატუზე" გაცემული ბრძანების ვადა ტყის რესურსების გამოყენების შესახებ უკვე ამოწურულია, შესაბამისად, ხეების მოჭრის უფლება კანონმდებლობის მიხედვით კომპანიას არ აქვს.

„იცქისის ქვიშის“ დირექტორი ნოდარ ბუღაძე ასევე აღნიშნავს, რომ დამტვერიანების შესამცირებლად, კომპანიამ სარწყავი ავტომობილი შეიძინა, რათა სატვირთო მანქანებისთვის განკუთვნილი გზა მუდმივად დასველდეს.

მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა სავანეში არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბრობს, კარიერის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. სავანეში ჰაერისა და წყლის დაბინძურების მაჩვენებლები ამ დრომდე არ არის შესწავლილი, შესაბამისად, უცნობია, რა შედეგების მომტანი შეიძლება გახდეს სოფლისთვის, კიდევ ერთი კარიერის სრული დატვირთვით ამოქმედება.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის