ტყბულის შახტში გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, გამთენიისას, „112“-ში შევიდა შეტყობინება, რომ ქალაქ ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, რამდენიმე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო. შეტყობინების მიღებისთანავე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები, სამაშველო სამსახური და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ.
"გამოძიების პირველადი ინფორმაციით, შახტის ერთ-ერთ გვირაბში, სავარაუდოდ მეთანის აფეთქების შედეგად კედლების დეფორმაციას ჭერის ჩამოშლა მოჰყვა. სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღეს შახტის მიწისქვეშა სამთო ოსტატებმა - 1961 წელს დაბადებულმა მ.ლ-მ, 1963 წელს დაბადებულმა მ.გ.-მ, 1988 წელს დაბადებულმა ლ.ფ-მ და 1961 წელს დაბადებულმა ი.ქ-მ, რომლებიც მიღებული დაზიანებების შედეგად ადგილზე გარდაიცვალნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ლაშა ფორჩხიძე
სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებებით კი საავადმყოფოში გადაიყვანეს - 1981 წელს დაბადებული მ.ს., 1965 წელს დაბადებული დ.ბ, 1981 წელს დაბადებული გ.მ, 1981 წელს დაბადებული მ.ა, 1995 წელს დაბადებული ნ.ბ და 1988 წელს დაბადებული გ.ა," - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველი უწყების ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.