ავტორი:

დღეს პეტრე-პავლობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ მოწამეთა შესახებ და სად არის მათი თაყვანისცემის ადგილები მსოფლიოში

დღეს პეტრე-პავლობაა - რა უნდა იცოდეს მორწმუნემ მოწამეთა შესახებ და სად არის მათი თაყვანისცემის ადგილები მსოფლიოში

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს პეტრე-პავლობას, წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა თავთა მოციქულთა პეტრეს და პავლეს ხსენების დღეს აღნიშნავს.

ქრისტეს მოწაფეთა, მოციქულთა შორის მართლმადიდებელი ეკლესია განსაკუთრებულ პატივს წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მოციქულებს მიაგებს. მათ თავმოციქულები ეწოდებათ.

წმინდა მოციქული პეტრე წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის უფროსი ძმა იყო. უფლის მოწოდებამდე ისინი გალილეის ტბასთან მდებარე პატარა ქალაქ ბეთსაიდის მეთევზეები იყვნენ. პეტრეს სახელად სვიმონი ეწოდებოდა. მისი რწმენის გამო უფალმა მას პეტრე უწოდა, რაც კლდეს ნიშნავს.

წმინდა პეტრე მოციქული ჯვარზე აღესრულა. მისი სურვილით იგი თავდაყირა დაკიდეს, რათა ჯვარზე ისე არ ყოფილიყო გაკრული, როგორც ქრისტე.

წმინდა მოციქული პავლე წარმოშობით ბენიამენიდან იყო. მას სავლე ერქვა და მღვდელთმთავართა დავალებით მართლმადიდებლებს დევნიდა. ღვთის განგებით იგი უეცრად დროებით დაბრმავდა, რომლის დროსაც ღმერთმა მას თავისკენ მოუწოდა. წმინდა მოციქულმა სიცოცხლე თავისკვეთით დაასრულა.

წმინდა თავთა მოციქულთა პეტრესა და პავლეს სახელზე, პირველი ტაძრები რომსა და კონსტანტინეპოლში IV საუკუნეში წმინდა მოციქულთასწორმა კონსტანტინე დიდმა აღმართა.

***

თუ რომში მოხვდებით, აუცილებლად თაყვანი ეცით ორი უდიდესი მოციქულის წმინდა ნაწილებსმოციქულთა თავნი წმინდა პეტრე და წმინდა პავლე მართლაც უაღრესად მასშტაბური ფიგურები არიან ქრისტიანობის ისტორიაში და შემთხვევითი არ არის, რომ ეკლესიამ მათ მოღვაწეობას და დიდ ძალისხმევას ქრისტიანობის მთელ მსოფლიოში გავრცელებაში სწორი და ადეკვატური შეფასება მისცა და უწოდა მოციქულთა თავები, არა მათი რაიმე იერარქიული, სუბორდინაციული მეტობის საზომით, არამედ ღვაწლის მიხედვით, რომელიც განუზომლად დიდია დედა ეკლესიის წინაშე და, აქედან გამომდინარე, მსოფლიო ეკლესია მათ წინაშე ქედს იდრეკს და შესაბამის თაყვანისცემას აღავლენს.

***

ქრისტიანთა სასტიკი და დაუნდობელი დევნის დროს პეტრე და პავლე მოციქულები რომში ჩავიდნენ და სახარებას უშიშრად ქადაგებდნენ. ჭეშმარიტი სიტყვის ძალამ თვით იმპერატორის სასახლეშიც შეაღწია, - პავლე მოციქულმა ნერონის ერთ-ერთი საყვარელი ცოლი ქრისტიანობაზე მოაქცია. როგორც გადმოგვცემენ, ამ დროს რომში ცნობილი თვალთმაქცი სიმონ მოგვიც იმყოფებოდა, რომელიც პეტრე მოციქულმა ჯერ კიდევ სამარიაში ქადაგებისას ამხილა. მას ქრისტიანები ჭირის დღესავით სძულდა. სატანური ამპარტავნებით შეპყრობილი სიმონი თავს ხან ღმერთად, ხან სამყაროს შემქმნელ ღმრთეებრივ ძალად აცხადებდა! ცრუ სასწაულებით მრავალი რომაელი აცდუნა და, რაც მთავარია, იმპერატორ ნერონზეც დიდი ზეგავლენა მოიპოვა. სწორედ მისი მცდელობით შეიძულა იმპერატორმა ქრისტიანები.

ძველი მწერლები მოგვითხრობენ პეტრე მოციქულთან მის პაექრობაზე. სიმონი ამტკიცებდა, რომ ღმერთი, რომელიც სამყაროს სიბნელიდან დასახსნელად ზეციდან ჩამოვიდა, თვითონ იყო. თავის ყოვლისშემძლეობაში რომაელების დასარწმუნებლად მან განაცხადა, რომ ყველას თვალწინ ზეცაში ამაღლდებოდა. დანიშნულ დღეს ამ "სასწაულის" სანახავად უამრავი ხალხი შეიკრიბა - მოციქულებიც იქ იყვნენ. ისინი მხურვალედ ლოცულობდნენ და უფალს წარმართების ცდომილებისგან დახსნას, მტრული და უწმინდური ძალის დამხობას ევედრებოდნენ, რომელიც სიმონს ეხმარებოდა.

მოგვი რაღაც დონემდე მართლაც ამაღლდა, მაგრამ შემდეგ ჩამოვარდა და ფეხი მოიტეხა. ცრუმორწმუნე წარმართებმა მისი მარცხი მოციქულების იქ ყოფნას მიაწერეს და ქრისტიანთა დევნა გააძლიერეს.

სიმონ მოგვის სიკვდილით გაღიზიანებულმა ნერონმა მოციქულების შეპყრობა და სიკვდილით დასჯა ბრძანა. მოგვითხრობენ, როცა ქრისტიანების თხოვნითა და შეგონებით პეტრე მოციქული ქალაქიდან გადიოდა, მან რომისკენ მომავალი უფალი დაინახა და გაოცებულმა ჰკითხა: "უფალო, საით მიდიხარ?" მაცხოვარმა უპასუხა, რომში, რათა ჯვარზე ხელმეორედ გავეკრაო. ამ გამოცხადებამ მიახვედრა პეტრე, რომ იგი ქალაქში უნდა დაბრუნებულიყო და მოწამებრივი სიკვდილით ქრისტე განედიდებინა. მართლაც, უკან დაბრუნებული მოციქული შეიპყრეს და ისევე, როგორც პავლე მოციქული, მამერტინის საპყრობილეში ჩასვეს, სადაც მათ ათი თვე დაჰყვეს. ამ ხნის მანძილზე მედილეგეები მოაქციეს და მრავალი სასწაული ჩაიდინეს. პეტრე მოციქულს ჯერ ცოლი დაუსაჯეს; მან მეუღლეს, რომელიც დასასჯელად მიჰყავდათ, გზა შემდეგი სიტყვებით დაულოცა: "გახსოვდეს უფალი, ცოლო!" თვითონ მოციქული ჯვარზე გააკრეს, ოღონდ მისივე თხოვნით - თავდაყირა, რადგან უფლის მსგავსი ჯვარცმის ღირსად თავს არ თვლიდა; პავლე მოციქულს კი თავი მოჰკვეთეს, რადგან მისი, როგორც რომაელი მოქალაქის, ჯვარზე გაკვრა არ შეიძლებოდა. ეკლესიის ისტორიის მკვლევართაგან ნაწილს მიაჩნია, რომ ისინი ერთ დღეს აღესრულნენ, ნაწილი თვლის, რომ პავლე მოციქული პეტრეს დასჯიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ აღესრულა. ვარაუდობენ, რომ ქრისტიანებმა მათი გვამები რომის კატაკომბებში დამარხეს.

მართალია, პეტრე მოციქულის შესახებ "საქმეში" არაფერია მოთხრობილი, მაგრამ წმინდა გადმოცემებით ვიცით, რომ იგი აზიაში გაფანტულ ებრაელთა შორის ქადაგებდა და რამდენიმე წლის განმავლობაში ანტიოქიის ეკლესიას განაგებდა. პეტრე მოციქულმა ორი ეპისტოლე დაგვიტოვა, რომელთაგან ერთი მოწამებრივ აღსასრულამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა.

ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ პეტრე რომის ეპისკოპოსიც იყო, მაგრამ სარწმუნო ცნობები ამის თაობაზე არ მოგვეპოვება. პეტრე მოციქული უფრო იუდეველებთან ქადაგებდა, პავლე კი წარმართებთან, რის გამოც მას წარმართების მოციქულსაც უწოდებენ.

დღესდღეობით პეტრესა და პავლეს დაკრძალვის ადგილი იდენტიფიცირებულია და მომლოცველები ეთაყვანებიან ამ ადგილებს.

წმინდა პეტრეს ტაძარი ვატიკანში აშენებულია პეტრე მოციქულის სავარაუდო საფლავზე. ქრისტიანული გადმოცემით, კონსტანტინეს უძველესი რომაული ბაზილიკა იდგა პეტრე მოციქულის სამარხზე. შემდგომში აქვე ააშენეს ვატიკანის წმინდა პეტრეს ტაძარი. 1939-1949 წლებში ტაძრის ქვეშ არქეოლოგებმა იპოვეს უძველესი რომაული სასაფლაოს ნაშთები. 1952 წელს გამოქვეყნდა დაწვრილებითი ანგარიში, რომელიც მოწმობდა, რომ სასაფლაოს ერთ-ერთი საფლავი თაყვანისცემის ობიექტი იყო უკვე I-II საუკუნეებიდან. შემდეგ სასაფლაოს იკვლევდა იტალიელი არქეოლოგი მარგარიტა გუადრუჩი. 1964 წელს გამოიცა მისი წიგნი "ვატიკანის წმინდა პეტრეს ბაზილიკის სააღმსარებლოს ქვეშ მდებარე რელიკვიები", რომელშიც ლაპარაკია, რომ ამ სამარხის პეტრე მოციქულის დაკრძალვის ადგილთან იდენტობის ალბათობა ძალიან დიდია. არქეოლოგიური გამოკვლევების შთაბეჭდილებებით აღსავსე პაპმა პავლე VI-მ 1968 წელს გამოაცხადა, მოციქულის საფლავი ნაპოვნიაო.

პეტრე მოციქულის სამარხი მდებარეობს წმინდა პეტრეს სახელობის ტაძრის ცენტრალურ გუმბათქვეშ, იატაკის ქვემოთ. ქვის კედელში დატანებული სარკმლის საშუალებით შეიძლება დავინახოთ იესო ქრისტეს დიდებული მოწაფის წმინდა ნაწილები.

სულ ახლახან ვატიკანის არქეოლოგებმა რომის სიდიდით მეორე ტაძრის წმინდა პავლე მოციქულის ბაზილიკის გათხრების შედეგად ქვის აკლდამასთან მისასვლელი აღმოაჩინეს, რომელშიც შესაძლებელია (დღეისთვის უკვე არავის ეეჭვება) ლეგენდარული მოციქული იყოს დაკრძალული. თვითონ სარკოფაგს ათარიღებენ ახ.წ.აღ. 390 წლით. უძველესი დროიდან ივარაუდებოდა, რომ სადღაც ამ ადგილებში განისვენებენ წმინდა პავლე მოციქულის წმინდა ნაწილები, რომელსაც ეფარა ტაძრის საკურთხევლის ტრაპეზი. ტაძრის თანამედროვე ნაგებობა აშენდა 1823 წელს ძველი, IV საუკუნის ტაძრის ადგილზე, იმ ტაძრის ადგილას აშენებულისა, რომელიც პავლე მოციქულის საფლავზე იდგა. მრავალი რეკონსტრუქცია-აშენების შედეგად მოციქულის საფლავი თანამედროვე იატაკის დონიდან 130 სანტიმეტრით ქვევით აღმოჩნდა. გათხრები 2002 წელს დაიწყო და 2008 წლის დასაწყისში დამთავრდა. ბოლო სამი წლის მანძილზე არქეოლოგებისთვის მთავარ დაბრკოლებას წარმოადგენდა ტაძრის ტრაპეზის ქვეშ ორი უზარმაზარი მარმარილოს ფილა. როგორც იქნა, მათი მოშორება შეძლეს. პირველად 1700 წლის შემდეგ სარკოფაგმა დღის სინათლე იხილა, რომლის სახურავის წარწერა გვამცნობს Paulo Apostolo Martyr ("პავლე მოციქული მოწამე"). თვითონ სარკოფაგზე მოჩანს ხვრელები, რომელშიც ძველ მომლოცველებს შეეძლოთ ქსოვილის ნაჭრები შეეყოთ, რათა სიწმინდეს შეხებოდნენ.

დღეისთვის რომის ეს უდიდესი სიწმინდეები ყველა მნახველისთვის გახსნილია და თუ რომში მოხვდებით, აუცილებლად თაყვანი ეცით ორი უდიდესი ადამიანის, ორი მოციქულის, მოციქულთა თავთა წმინდა ნაწილებს.

karibche.ge