ავტობუსში გუშინ დაჭრილი 17 წლის ახალგაზრდა რეგიონული ჰოსპიტალის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ჰოსპიტალის რეანიმაციული განყოფილების ხელმძღვანელმა გალაქტიონ ტვილდიანმა განუცხადა.
მისივე თქმით, მოზარდი საძილე საშუალებების მოქმედებიდან თანდათან გამოდის და მალე კონტაქტური იქნება.
„დამატებით ჩარევას არ საჭიროებს. ოპერაცია ჩაუტარდა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ტვილდიანმა. მისივე თქმით, ახალგაზრდას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა.
გუშინ, 17 წლის ახალგაზრდა #140 ავტობუსში დაჭრეს. მომხდარ ფაქტზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით 2002 წელს დაბადებული ი.პ. დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 7–დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.