როგორ მარაგდებოდა თბილისი წყლით, ვის ებარა ეს საქმე, რა წყალს სვამდნენ თბილისელები საუკუნეების წინ - დღეს ამ საინტერესო ამბების შესახებ მოვუყვებით AMBEBI.GE-ს მკითხველს.
"სამკურნალო-გოგირდოვანი წყლებით მდიდარი თბილისი სასმელი წყლით ოდითგანვე ღარიბი იყო. ჭების სიმლაშისა და წყაროების სიმცირის გამო, თბილისელები სასმელად მტკვრის წყალს იყენებდნენ, - გვეუბნება ეთნოლოგი, პროფესორი როლანდ თოფჩიშვილი და განაგრძობს - 1800 წლის გეგმაზე ნაჩვენებია გვირაბი, რომელიც ციხიდან მტკვრისკენ გადიოდა და იქ მტკვრიდან წყლის მოსატანად ყოფილა განკუთვნილი.
მეორე ასეთი გვირაბი იმავე ადგილიდან წავკისის წყლისკენაც მიდიოდა. წყაროები ქალაქის ცენტრიდან შორს ყოფილა - სოლოლაკის ქედსა და მთაწმინდის კალთებზე, მაგრამ თიხის მილების საშუალებით მაინც ხერხდებოდა წყლის შემოყვანა. ასეთი მილები გათხრების დროს რამდენიმე ადგილას არის ნაპოვნი".
ქალაქის გარეუბნის ტერიტორიაზე წყალსადენის აუზების არსებობაც მრავლად დასტურდება. ავლაბრის ბაღების აუზებში წყალი მახათას წყაროებიდან მილებით მოდიოდა. ნარიყალაზე 5 კილომეტრით დაშორებული ადგილიდან - ოქროყანის მიდამოებიდან თიხის მილებით შემოჰყავდათ. ამ წყალსადენით თბილისის მოსახლეობის ნაწილიც მარაგდებოდა. ნარიყალას ციხე-სიმაგრეში აუზებიც ჰქონიათ და შიგ თევზი ჰყოლიათ მოშენებული.
ეს წყალსადენი იქიდან ქალაქშიც ჩამოდიოდა და მის წყალს შადრევნებისთვის იყენებდნენ. შადრევნიდან ამოხეთქილ წყალს აუზებში აგროვებდნენ და ბაღების მოსარწყავად ხმარობდნენ. ძველი თბილისის გარეუბნებში - ღირსიჭალის, ორთაჭალის, კრწანისის, დიდუბის, სეიდაბადის, სოლოლაკის, ვერისა და საბურთალოს მიდამოებში შესანიშნავი ბაღები იყო, რომლებიც ირწყვებოდა. ვერიდან წყნეთამდეც გრძელდებოდა საუკეთესო ბაღები, რომლებიც მდინარე ვერიდან გამოყვანილი არხით ირწყვებოდა. იმავე არხით საბურთალოს ველსაც რწყავდნენ.
ნარგავ-ნათესების მოსარწყავად ძველ თბილისში გოგირდოვან ცხელ წყალსაც იყენებდნენ, ოღონდ, გაციებულს. გოგირდოვანი წყლის დიდი აუზი ყოფილა მოწყობილი ისანში, "არამიანცის" საავადმყოფოს ტერიტორიის ეზოს მახლობლად, წინანდლის ქუჩასთან. აუზამდე სამი მეტრი სიღრმის გვირაბის საშუალებით გამოყვანილი იყო მინერალური ცხელი წყალი. იმ აუზიდან, იქ დაგროვილი წყალი, მილების საშუალებით, ბაღებში შეჰყავდათ, სადაც ორი ოთხკუთხა აუზი იყო მოწყობილი. აუზებში დაგროვილი ცხელი წყალი გრილდებოდა და იმ წყალს ბაღ-ბოსტნის მოსარწყავად იყენებდნენ.
თბილისის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა წყლის მიმწოდებელს, დამტარებელს - მეთულუხჩეს, წყლის დეფიციტი თბილისის მცხოვრებლებისთვის ნამდვილი უბედურება იყო. ამ პრობლემას, გარკეულწილად, თულუხჩები წყვეტდნენ, რომლებიც მოქალქეებისთვის წყალს მტკვრიდან ეზიდებოდნენ. მტკვრის წყალი დასალევად გემრიელი და სასიამოვნო ყოფილა. ყველაზე სუფთა კი შემოდგომასა და ზამთარში იყო. ქალაქის ხელისუფლებას მტკვარზე 12 ადგილი ჰქონდა გამოყოფილი, საიდანაც წყლის აღება შეიძლებოდა. მეთულუხჩეები წყალს ტყავის დიდ ტიკებში, თულუხჩებში ასხამდნენ. სავსე თულუხჩებს ისინი ცხენებსა და სახედრებს აჰკიდებდნენ, კლიენტებისკენ მიემართებოდნენ.
თულუხჩს ზემოდან ფართო ნახვრეტი ჰქონდა და წყალი პირდაპირ მდინარიდან ისხმებოდა. ქვევიდან, წვრილი ნახვრეტიდან, წყალს კასრებში ასხმადნენ. წონასწორობისთვის თულუხჩი ხან ერთი მხრიდან ჩამოასხამდა წყალს, ხან - მეორე. მოტანისთვის შაურს (დღეს 5 თეთრი. - ავტ.) იღებდა. ნაღდად კი არა: მზარეული გამოიტანდა ჯოხს, რომელზეც თულუხჩი გააკეთებდა ნაჭდევს. როცა 20 ნაჭდევი შეგროვდებოდა, მიიღებდა მანეთს. ეს ცნობა დაცულია "საქართველოს გაზეთში" (1891 წელი, #5).
ზოგიერთ წყლის დამტარებელს წყალი კოკებით და კასრებითაც დაჰქონდა. 1880-იან წლებამდე წყლის ფასი ძირითადად განისაზღვრებოდა მტკვრიდან არსებული მანძილით. შეიძლება თანამედროვეთათვის წარმოუდგენელი იყოს მდინარის წყლის დალევა, მაგრამ მდინარის წყალს სხვაგანაც სვამდნენ. მაშინდელი ქართველები მდინარეს უფრთხილდებოდნენ, არ აბინძურებდნენ. მიუხედვად ამისა, თბილისელები მტკვრის წყალს მაინც წმენდნენ, რისთვისაც ქსნის ხეობაში დამზადებულ, ცხავატელთა სპეციალურ დიდ ქილებს იყენებდნენ. ასეთ ქილებში დაყენებულ მტკვრის წყალს, ცოტაოდენ შაბს ურევდნენ, რაც ჭუჭყის შემცვლელ ან ამღვრეულ წყალს ანეიტრალებდა.
1887 წელს თბილისში წყალგაყვანილობის გამართვის შემდეგ, თულუხჩებმა ფუნქცია დაკარგეს. მიუხედავად ამისა, 1890 წელს ქალაქში 126 თულუხჩი კიდევ იყო დაფიქსირებული. მეხანძრეთა რაზმების ჩამოყალიბებამდე თულუხჩი მეხანძრეების მაგივრობასაც სწევდა.