ზვიად კუპრავას საქალაქო სასამართლოს სასადილოში მომხდარი ინციდენტის საქმეზე ბრალი წაუყენეს. როგორც კუპრავამ ჟურნალისტებთან განაცხადა, მას ბრალი დაუმძიმეს და 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
"ამჯერად მოგესალმებით უკვე ახალი, ბრალდებულის სტატუსით. გამოძიება დაიწყო 366-ე მუხლის პირველი ნაწილით, დღეს კი ბრალი დაამძიმეს და მეორე ნაწილით წამიყენეს ბრალი, რაც 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მე მინდა ამ სამარცხვინო ბრალდების ერთი ძალიან პატარა მონაკვეთი წარგიდგინოთ, სადაც საზოგადოება კარგად ნახავს, რა ჭირი გვჭირს ქვეყანაში: "პოლიციის მუშაკთა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, ზვიად კუპრავამ უარი განაცხადა სხდომის დარბაზში დაბრუნებაზე და დროის გაჭიანურების მიზნით, სხვა პირის თეფშიდან განაგრძო საკვების მიღება", - ესაა ოფიციალური ბრალდება. ამას მედავებიან, რომ თურმე სხვა პირის თეფშიდან გავაგრძელე ჭამა. ეს არის ცირკი. გაიმართება სასამართლო სხდომა. გაუგებარია, აქ რატომ დამიბარეს, იმიტომ რომ სხვისი თეფშიდან გავაგრძელე ჭამა? კარგით, თუ ეს არის ჩემი დანაშაული, ვაგებ ამაზე პასუხს, იმ პირს, ვისი თეფშიდანაც შევჭამე, დავუბრუნებ იმ ხორცს. ეს არის მარაზმი", - განაცხადა კუპრავამ.
თავის მხრივ, კუპრავას ადვოკატმა ლევან დავითაიამ აღნიშნა, რომ ბრალდებაში საუბარია უშუალოდ მოსამართლის შეურაცხყოფაზე, რაც ჯარიმას ან 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
"ჩვენ წარვადგენთ მტკიცებულებეს. მათ წარმოდგენილი აქვთ დოკუმენტები, რომელიც კანონიერ ძალაშიც არაა ჯერჯერობით შესული. აგრეთვე ვიდეოფირები, რომლებზეც ისინი აპელირებენ, მოპოვებულია საერთოდ გაუგებარი წყაროებიდან. ჩემთვის სრულიად გაუგებარია, როგორ აპირებს ბრალდება ამაზე დაამყაროს მტკიცებულებები", - განაცხადა დავითაიამ.