მღვიმეში ჩარჩენილი ბიჭების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაცია განახლდა. CNN-ის ინფორმაციით, გამოქვაბულის შესასვლელთან სულ მცირე 5 სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაა მობილიზებული. მღვიმეში ამ დრომდე რჩება 8 ფეხბურთელი ბიჭი და მათი მწვრთნელი.
გუშინ მაშველებმა ოთხი მოზარდის გამოყვანა შეძლეს. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
CNN-ის ინფორმაციით, მღვიმეში ჩარჩენილების გამოსაყვანად მაშველების ის გუნდი შევიდა, რომლებმაც გუშინ ოთხი ფეხბურთელის ევაკუაცია განახორციელა.
დასავლური მედიასაშუალებების ინფორმაციით, არ არის ცნობილი, რომელი ბიჭები გამოიყვანეს გამოქვაბულიდან. ამის შესახებ, შესაძლოა, არც ფეხბურთელების მშობლებმა იცოდნენ.
BBC წერს, რომ მღვიმედან გარეთ გამოსასვლელად საჭიროა ფეხით სიარული, ცურვა, ცოცვა, ყვინთვა. თითო ბიჭი ორ მაშველს გამოჰყავს, მათ სახე მთლიანად ნიღბით აქვთ დაფარული. მაშველებს უჭირავთ ბიჭების ჟანგბადის ბალონიც, რომ მოზარდებმა გადაადგილება უფრო თავისუფლად შეძლონ.