ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები 51-ე სკოლის დირექტორსა და მის მოადგილეს კითხავენ. კომისია სკოლის ხელმძღვანელობისგან 1-ელ დეკემბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ინფორმაციას იღებს.
როგორც სხდომის დაწყებამდე კომისიის წევრმა ეკა ბესელიამ განაცხადა, სკოლის წარმომადგენლების მიერ კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იქნება არამარტო კომისიისთვის, არამედ თავად კანონმდებლებისთვისაც იმ კუთხით, რათა მოხდეს იდენტიფიცირება ბავშვებში ძალადობის კუთხით სისტემური პრობლემების.
„საინტერესო იქნება ალბათ ინფორმაცია, თუ რა უძღოდა წინ ამ ტრაგედიას, ანუ რა იყო კონფლიქტის წინაპირობა, რა ინფორმაცია ჰქონდა დირექციას, რა ზომები იყო მათი მხრიდან გატარებული.
ჩვენ ამ ტრაგედიას კომპლექსურ ჭრილში უნდა შევხედოთ, არამხოლოდ იმ ჭრილში, რომ გამოძიების და სასამართლო განხილვის დროს რა ხდებოდა, არამედ თავად ამ ტრაგედიას უნდა შევხედოთ უფრო ფართო ჭრილში და დავინახოთ სისტემური პრობლემა ბავშვებში ძალადობის კუთხით, რა შეიძლება იყოს ბავშვებს შორის მაღალი აგრესიის პრევენცია და ამ კუთხით, რა როლი აქვს აქ სკოლას და იმ გარემოს, რომელიც იქმნება ბავშვისთვის, ალბათ ჩვენთვის, კანონმდებლებისთვის და არა მხოლოდ კომისიისთვის ეს უნდა იყოს საყურადღებო“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.