გურიის გუბერნატორი მერაბ ჭანუყვაძე დღეს, მონიტორინგის ჯგუფის წევრებს შეხვდა, რომლებიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო წამლობის შედეგებს - გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მის გავლენას სწავლობენ.
ამ მიზნით, ჯანმრთელობის დაცვისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის მიერ, სამეგრელოს რეგიონში აღებული იყო წყლის და ნიადაგის სინჯები. ლაბორატორიული კვლევის შედეგად, პესტიციდების ნაშთები ნორმით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებელს არ აღემატებოდა. ანალოგიური კვლევა ჩატარდება გურიის რეგიონშიც.
მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარებისას უსაფრთხოების წესების დაცვა მნიშვნელოვანია.
"მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების პარალელურად, მნიშვნელოვანია დაცული იყოს ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოების წესები და გარემო. ამ მიზნით ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ სპეციალისტებთან და მუდმივი კომუნიკაცია გვექნება საზოგადოებასთან" - განაცხადა მერაბ ჭანუყვაძემ.
უსაფრთხოების წესების დაცვის მიზნით, მავნებელთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბში შექმნილია გზავნილების სისტემა, რომლის მეშვეობითაც დაგეგმილი წამლობის შესახებ ინფორმაცია წინასწარ მიეწოდება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს. აგრეთვე, წამლობის დაწყებამდე მოსახლეობის ინფორმირება ხდება სპეციალიზებული ტექნიკის ხმის გამაძლიერებლებით.