6 ივლისს ყვარლის ტბის მშვიდი გარემო ბავშვების ჟრიამულმა ჩაანაცვლა. ბავშვები, ყვარლის ობოლთა და მზრუნველობამოკლებული ბავშვთა დაცვის ასოციაციის ბენეფიციარები იყვნენ. სწორედ ამიტომ, mgroup-მა გადაწყვიტა ერთი სასიამოვნო დღე ეჩუქებინა მათთვის და სხვა კომპანიებისთვისაც მიეცა მაგალითი, ჩაერთონ მსგავს აქტივობებში.
თბილისიდან ყვარელში ღონისძიებისთვის ჩასულმა მედიის წარმომადგენლებმა, ბავშვებთან ერთად სხვადასხვა აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. ერთად დაათვალიერეს სასტუმროს ტერიტორია და ღირშესანიშნაობები, ტბაზე კატერით ისეირნეს, ველოსიპედებით სპორტულ მარათონში მიიღეს მონაწილეობა, დააგემოვნეს mkids-ის სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მენიუ, ამოავლეს ჩურჩხელები, გამოაცხეს პური...
"ძალიან კარგი დღე გქვონდა, შევწვით მწვადი და გამოვაცხვეთ პური. ყველაზე მეტად კატერით გასეირნება მომეწონა ტბაზე. მინდა, რომ ხშირად გვქონდეს მე და ჩემს მეგობრებს ესეთი დღეები“ - გვითხრა ბავშვთა სახლის ერთ-ერთმა ბენეფიციარმა.
"ვფიქრობ, ეს ყველა ჩვენგანის ვალია, იმიტომ რომ ამ ბავშვებს განსაკუთრებულად სჭირდებათ ჩვენი ყურადღება. ზოგ მათგანს დედა, ან მამა არ ჰყავს, ზოგიც მშობელმა მიატოვა, ამიტომ ჩვენ სოციალურ პასუხიმგებლობად მივიჩნევთ მათ ყურადღება არ მოვაკლოთ. ძალიან ემოციური დღე გამოგვივიდა, გვინდა ეს აქტივობები გამოწვევა იყოს სხვა კომპანიებისთვისაც, mgroup-ი წელიწადში რამდენჯერმე მასპინძლობს ბავშვებს და აუცილებლად გავაგრძელებთ მათ გახარებას" - ამბობს mgroup-ის წარმომადგენელი ნათია მეტრეველი.
ყვარლის ობოლთა და მზრუნველობა მოკლებული ბავშვთა დაცვის ასოციაცია 2008 წელს დაფუძნდა და ამ ხნის მანძილზე განახორციელა რამდენიმე საერთაშორისო პროექტი. 8 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა WFP- მსოფლიო სასურსათო პროგრამას და გახსნილი იყო უფასო ერთჯერადი სასადილო 220 ბავშვზე. 2014 წელს პროექტი დასრულდა და ორგანიზაცია ფუნქციონირებს შემოწირულობების ხარჯზე.