საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა მისი სიძის, მინდია გოგოჭურის დაჭრის შესახებ. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, მხოლოდ მედიიდან აქვს ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია.
„ვერაფერს მოგახსენებთ, ამ საკითხის თაობაზე მეც ის ვიცი, რა ინფორმაციასაც ჟურნალისტები მედიიდან გვაწვდით. უფრო დამატებით ვერაფერს მოგახსენებთ“, - განაცხადა მარგველაშვილმა.
მინდია გოგოჭური გიორგი მარგველაშვილის გერის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის მაშოს მეუღლეა. გოგოჭური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე დღის წინ დაჭრეს. ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ორივე ფეხზე, ბარძაყისა და წვივის არეში ცეცხლნასროლი ოთხი გამჭოლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
დაჭრის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-მ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდა შემთხვევის თვითმხილველებს ითანამშრომლონ გამოძიებასთან.
"მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილის და დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.