ავტორი:

აფხაზეთს ქვეწარმავლები უტევენ? - "43 წელია აქ ვცხოვრობ და ამ რაოდენობის გველი აქამდე არ მინახავს"

აფხაზეთს ქვეწარმავლები უტევენ? - "43 წელია აქ ვცხოვრობ და ამ რაოდენობის გველი აქამდე არ მინახავს"

"კრიმინალის, ნარკომანიის, უკონტროლობის, აზიური ფაროსანასა და ძალიან ბევრი, მრავალფეროვანი პრობლემების შემდეგ, აფხაზეთს ტურისტულ სეზონზე, ქვეწარმავლები უტევენ..." - წერენ აფხაზები სოციალურ ქსელებში.

ადგილობრივების თქმით, 90-იანი წლების შემდეგ, მათი მომრავლება შეინიშნება, თუმცა, წელს ტურისტებმა მათი არსებობის შესახებ, უკვე ძალიან ბევრჯერ დაიჩივლეს. რამდენიმემ ამის გამო, დროებითი საცხოვრებელი ადგილიც შეიცვალა და კერძო სახლიდან ან საოჯახო სასტუმროდან, კორპუსში გადასვლა გადაწყვიტა.

მოსახლეობაში პანიკა რამდენიმე დღის წინ გუდაუთის რაიონში მომხდარმა ფაქტმა გამოიწვია, რა დროსაც ადგილობრივებმა, ერთ დღეში რამდენიმე ქვეწარმავალი შენიშნეს და მოკლეს, რამაც ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის, რომან დბარის აღშფთება გამოიწვია. მისი თქმით, აფხაზეთის ფაუნა ძალიან მდიდარია, თუმცა, არა შხამიანი ქვეწარმავლებით.

დბარი განმარტავს, რომ რეგიონში მხოლოდ 6 სახეობის ქვეწარმავალი არსებობს და მათგან შხამიანი მხოლოდ ერთია. მთლიანობაში კი, მათ უმიზეზოდ მოკვლა კი არა, გაფრთხილება სჭირდება. ადგილობრივი მედიის თქმით, ასეთი თემების წამოწევას ყოველთვის მოსდევს შეფასებები, თითქოს ეს ტურისტულ ბიზნესში კონკურენტის, ან სულაც მტრების მიერ არის შემოგდებული. ერთი სიტყვით, ვიღაცები რეგიონში ტურისტული სეზონით ჩაგდებას ცდილობენ და ამისთვის გუდაუთასა და რამდენიმე რაიონში მომხდარი ფაქტი გამოიყენეს.

"მე ქვეწარმავლის სახეობისა და შხამის გამოცნობა არ დამიწყია, მაგრამ ვნახე არაერთი მათგანი მიტოვებული სახლის ეზოებთან, პარკთან და პირდაპირ ქუჩაში... არც მისი ზომა გამიზომავს, მაგრამ 43 წელია აფხაზეთში ვცხოვრობ და ამ რაოდენობის გველი აქამდე არ მინახავს, რაც საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც ვუთხარი და დავწერე კიდეც, თუმცა ინტრიგანი მიწოდეს... რადგან ტურისტები ჩამოდიან, არ უნდა მეთქვა? ისინი წავლენ და და ჩვენ ვრჩებით!" - წერს სოციალურ ქსელში გუდაუთელი ნარგიზა ჯოლია.

თუმცა, ბევრი მის აქტიურობას და ასეთ დროს ხმაურის ატეხვას, მართლაც ინტრიგნულ საქციელად მიიჩნევს:

"ეს არის რამდენიმე ინტრიგანი ტურისტის აგორებული თემა, რომლებიც სოციალური ქსელის ხშირი მომხმარებლები არიან და მუდმივად საზოგადოების ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ... ზოგიერთ რუს დამსვენებელსაც მეტი არაფერი უნდა, - მაშინვე წამოწიეს უძრავი ქონების გაყიდვის აუცილბელობა, - ჯერ სად ხართ, ქართველების მიტოვებული სახლების გამო, აქაურობა გაველურდება, მის შესყიდვას აქეთ შეგვეხვეწებით და დაგვანებული იქნებაო" - წერს ირაკლი ნანბა.

მეორეს მხრივ, ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აფხაზები და რეგიონის სტუმრები, სხვადასხვა ადგილას შემჩნეული და მოკლული ქვეწარმავლის ფოტოებს ავრცელებს და ერთმანეთს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.

"შესაძლოა, რამდენიმე დაცარიელებულ ადგილას ნამდვილად იპოვნეს ქვეწარმავლები, რადგან ახლა აფხაზეთში ანომალიური სიცხეებია და ამ დროს ისინი გარეთ გამოდიან... რაც შეეხება ვითომ 4-მეტრიან ქვეწარმავლებს, რომლებიც თურმე პლაჟზეც კი დასეირნობენ - ეს გაზვიადებულია...” - წერენ ისინი.

აფხაზი ჟურნალისტის ვიტალი შარიას ცნობით, ასეთი საქმეებით დაინტერესებულია ინტერნეტგამოცემა Цензуры.нет, რომელმაც ქვეწარმავლების თემას ვრცელი სტატია მიუძღვნა და რაც შარიას თქმით, რეგიონში ჩასვლის მსურველი ტურისტების დაფრთხობას ემსახურება.

განცხადებას ავრცელებს აფხაზეთის, ე.წ. საგანგებო სიტუაციების სამსახურიც, რომლის თქმითაც, "ძლიერ სიცხეებთან დაკავშირებით, ქვეწარმავლები შენიშნეს, თუმცა, არა ისეთები, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე აქამდე არ დაფიქსირებულა..."

"ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს, მათ შორის ტურისტები და მეთევზეები, უამრავ კითხვას გვისვამენ - წავიდნენ თუ არა ამა თუ იმ ადგილას, ასევე რამდენად დაცულები არიან ამისგან ბავშვები. მთლიანობაში, მოსახლეობა, განსაკუთრებით კი დასვენებლები ძალიან შეშინებული არიან, რისი საფუძველი არ არსებობს, თუმცა, სიფრთხილე საჭიროა..." - აცხადებს ე.წ. უწყების პრესმდივანი მიზან ლომია.

"პაკას" პირდაპირ აქვს ნათქვამი ბარცბასთვის, რომ ქართველებს შენი გაგორება არ გაუჭირდებათო" - აფხაზეთში "კრიმინალური ავტორიტეტების" დაკავებების სერია დაიწყო

სარკინიგზო ავარია გაგრაში - "მოსკოვი-სოხუმის" რეისის მატარებელი ეკსკავატორს შეეჯახა

რუსი "კანონიერი ქურდის" "იაპონჩიკის" მკვლელებს აფხაზეთი მფარველობს? - რას წერს რუსული მედია რეგიონში არსებულ უკონტროლო კრიმინალურ სამყაროზე