უამინდობის გამო, ვერტმფრენი, რომლითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სვანეთში გაემგზავრა, ზუგდიდში დაჯდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, ზუგდიდიდან პრემიერი ჭუბერისკენ გზას მანქანით განაგრძობს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სტიქიის ზონაში დილით გაემგზავრა. მამუკა ბახტაძე სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მიმდინარე სამუშაოებსა და არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნობა, ასევე მიიღებს ინფორმაციას მოსახლეობის საჭიროებების შესახებ.
ჭუბერში ჩასვლის მიზნით პრემიერმა დილით დაგეგმილი მთავრობის სხდომა გადადო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, სტიქიის ზონაში 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად დროებით ხიდებს განათავსებენ, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა, - ამის შესახებ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათი ცნობით, ინფრასტრუქტურის სამინისტროს სპეციალისტები სტიქიის ზონაში მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
“მთელი ღამის განმავლობაში არ შეწყვეტილა სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები სოფელ ჭუბერში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სხვა სახელმწიფო უწყებებთან ერთად, პირველივე წუთებიდან ჩართულია სამუშაოებში.
ამ დროისთვის, თითქმის დასრულებულია გზის გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს კალაპოტის გამაგრება, ათეულობით მძიმე ტექნიკა მუშაობს მდინარე ნენსკრაზე, რათა მდინარე ძველ კალაპოტს დაუბრუნდეს.
სტიქიის ზონაში იმყოფებიან საგზაო დეპარტამენტის რეგიონული ოფისების და კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის სპეციალისტები, რომლებიც 24 საათიან რეჟიმში კოორდინაციას უწევენ გაწმენდით სამუშაოებს.
მობილიზებულია 5 ერთეული მძიმე ტექნიკა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდა გაწმენდით სამუშაოებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინჟინრები, სტიქიის ზონაში დილიდან, 4 განადგურებული ხიდის ნაცვლად განათავსებენ დროებით ხიდებს, რათა მოსახლეობამ შეუფერხებლად შეძლოს ერთი ნაპირიდან მეორეზე გადასვლა“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.
უწყების პრესსამსახურის ცნობით, სტიქიის ზონაში გუშინ გაემგზავრა და ადგილზე იმყოფება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.
“გუშინ ღამით დაიგეგმა სამუშაოები და რესურსის გადანაწილების პროცედურები. დილიდან დაიწყო ინერტული მასალის მოპოვება, რითაც შეივსება ის ადგილები, რომელიც მდინარემ გამორეცხა. ტექნიკის რაოდენობა საკმარისია იმ სამუშაოებისთვის, რაც დაგეგმილია“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში პირველივე წუთებიდან ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები ადგილზე აკონტროლებენ ვითარებას და დახმარებას უწევენ მოსახლეობას, რომელსაც საავტომობილო გზების დატბორვის გამო გადაადგილება უჭირს. მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.