ავტორი:

რა აკავშირებდა ბეჟუაშვილებთან და მერაბიშვილთან გიორგი ჭოლაძეს, რომელიც პრემიერმა აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა

რა აკავშირებდა ბეჟუაშვილებთან და მერაბიშვილთან გიორგი ჭოლაძეს, რომელიც პრემიერმა აპარატის ხელმძღვანელად დანიშნა

“ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი, ყოფილი მაღალჩინოსანი „ქართულ ოცნებაში" - პრემიერ-მინისტრის ახლადშექმნილ აპარატს გიორგი ჭოლაძე უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი მთავრობის სტრუქტურული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბდა. როგორც პრემიერის პრესსამსახურში აცხადებენ, აპარატს დაექვემდებარება საზოგადოებასთან ურთიერთობების, პროტოკოლისა და საგარეო ურთიერთობათა სამსახურები. მათივე თქმით, აპარატის ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნა მხოლოდ პრემიერ-მინისტრის უფლებაა.

რაც შეეხება თავად გიორგი ჭოლაძეს, იგი მამუკა ბახტაძის მინისტრობის დროს ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის დეპარტამენტის უფროსი იყო. ჭოლაძე ბახტაძესთან ერთად “საქართველოს რკინიგზაშიც” მუშაობდა. როგორც ჩანს, ბახტაძე მას არც პრემიერობის დროს მოიშორებს გვერდიდან და ჭოლაძისთვის ახალი აპარატიც კი შექმნა მთავრობის ადმინისტრაციაში.

"ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილმა საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე გიორგი ჭოლაძე კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად წარადგინა. თუმცა, პარლამენტში „ქართული ოცნების" უმრავლესობამ ჭოლაძის კანდიდატურა ჩააგდო. მის სასარგებლოდ პარლამენტის 25-მა წევრმა მისცა ხმა, წინააღმდეგი კი 21 დეპუტატი იყო, მაგრამ ეს ხმები აღნიშნულ თანამდებობაზე მის დასამტკიცებლად საკმარისი არ აღმოჩნდა.

თავის დროზე მის ამ თანამდებობაზე წარდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო“, რომელმაც ჭოლაძის კანდიდატურასთან დაკავშირებით 2013 წელს მცირე მოკვლევაც ჩაატარა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2013 წელს გიორგი ჭოლაძე იყო შპს „საქართველოს მედია ჰოლდინგის” დირექტორი. ეს კომპანია „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” საკუთრებაა, ეს უკანასკნელი კი რობერტ ბეჟუაშვილის კონტროლის ქვეშ მყოფი, მარშალის კონძულებზე რეგისტრირებული კომპანიაა. რობერტ ბეჟუაშვილი „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” მფლობელი, „ნაცონალური მოძრაობის” დეპუტატის დავით ბეჟუაშვილისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის გელა ბეჟუაშვილის მამაა.

„ბეჟუაშვილების ოჯახი წილებს „რუსთავი 2”-ში „მზესა” და „პირველ სტერეოშიც” ფლობდა (პირდაპირ ან „ჩემექსიმ ინტერნეიშენალის” მეშვეობით). დავით ბეჟუაშვილთან დაკავშირებული პირები წილებს „პირველ სტერეოსა” და „მზეზე” ახლაც ფლობენ. „საქართველოს მედია ჰოლდინგი” ინგლისურ გამოცემა „ბიზნეს ვიქს” ფლობს. ჭოლაძე ასევე „ჰოლდინგ საქართველოს მედიის გაერთიანების” დირექტორიც იყო (კომპანიამ 2013 წლის თებერვალში შეწყვიტა არსებობა), რომელსაც ასევე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ფლობდა. ეს კომპანია ჰოლდინგის მედია სექტორში კუთვნილ კომპანიებს მართავდა იმ პერიოდში, როცა „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” მედია ბაზარზე უფრო აქტიურად იყო წარმოდგენილი“, - წერდა 2013 წელს „საერთაშორისო გამჭირვალობა“.

ორგანიზაციის ინფორმაციითვე, თავად გიორგი ჭოლაძის ძმა, ლევან ჭოლაძე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს რამდენიმე თანამდებობას იკავებდა.

„ლევან ჭოლაძე „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელი და გენერალური დირექტორია. „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ლევან ჭოლაძე რამდენიმე თანამდებობას ფლობდა: 2005 წელს იგი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო და, იმავე წელს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. 2007-2008 წლებში ჭოლაძე კონტროლის პალატის (ამჟამად სახელმწიფო აუდიტის სამსახური) თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი, 2011 წლამდე, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა“ - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის 2013 წლის განცხადებაში.

პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელძღვანელად გიორგი ჭოლაძის დანიშვნას გამოეხმაურა თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი, რომელიც ამბობს, რომ ჭოლაძის ძმა ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი იყო.

„გიორგი ჭოლაძე ოცნების მეოთხე პრემიერის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა. მისი ძმა მიშას უშიშროების საბჭოს მდივანი, კონტროლის პალატის უფროსი, ვანო მერაბიშვილის მარჯვენა ხელი, თავად ბატონი გიორგი ბეჟუაშვილის ხელის ბიჭი პრემიერთან ერთად. ისიც არ დაგავიწყდეთ, თქვენ რომ დილა საღამოს ქუჩაში იდექით თავისუფალი სიტყვის და მოპარული მედიის დასაცავად, ხან რომ გცემდნენ და ხან გაშანტაჟებდნენ, სწორედ იმ მოპარული მედიების უფროსი იყო ეს ადამიანი... თქვემმა რჩეულმა „ნაციონალურმა ოცნებამ“ ვანოს ხელის ბიჭების პატივისცემა და მორჩილება მოგთხოვათ" - წერს თინა ხიდაშელი.

LIVE "ნიუსრუმიდან" - გედევან ფოფხაძე

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანია გახსნა - ბიძინა ივანიშვილის მიმართვა მქუხარე ტაშის თანხლებით

"ზრუნვა ოჯახზე იმით უნდა გამოვხატოთ, რომ გავუფრთხილდეთ მათ მორალურ მდგომარეობას" - გახარია შაქარაშვილის საქმეზე