მსოფლიო ბესტსელერი დეტექტივი - "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" უკვე იყიდება

მსოფლიო ბესტსელერი დეტექტივი - "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" უკვე იყიდება

„პალიტრა L“-ი, სერია-"ჩემი რჩეული მსოფლიოს’’ ფარგლებში აგათა კრისტის ბესტსელერის - „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ გამოსცემს, ასე რომ, თუ ჯერ კიდევ ვერ გადაწყვიტეთ სასიამოვნოდ და რაც მთავარია, თქვენი გონებისთვის სასარგებლოდაც როგორ გაატაროთ ზაფხულის არდადეგები, აგათა კრისტის დეტექტივი შეუცვლელ მეგზურობას გაგიწევთ.

შესაძლოა, ბევრმა არც კი იცის, რომ მსოფლიოს მასშტაბით აგათა კრისტის ოთხ მილიარდზე მეტი წიგნია გაყიდული. „დეტექტივების დედოფლად“ აღიარებული მწერლის ნაწარმოებები 103 ენაზეა ნათარგმნი. აგათა ერთ-ერთ პატარა ქალაქ ტორკიში დაიბადა. მასწავლებლები ამბობდნენ, რომ გოგონა ფაქიზ მუსიკალურ სმენას ფლობდა და ამიტომაც მომავალი მწერლის მშობლებმა გადაწყვიტეს გოგონას ცხოვრება სცენასთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. ჩანაფიქრი არ გამოვიდა - აგათას ძალიან ეშინოდა მაყურებელთა უზარმაზარი აუდიტორიის. ამიტომაც გადაწყვიტა სამედიცინო განათლება მიეღო და პირველი მსოფლიო ომში მედდად ემსახურა. მოგვიანებით ის ერთ-ერთ აფთიაქში ფარმაცევტად დასაქმდა და დიდი ალბათობით, სწორედ მისმა საქმიანობამ იქონია გავლენა მის ლიტერატურაზეც - ნაწარმოებებში გმირები უმეტესად მოწამლვისგან კვდებიან. გასაკვირი არცაა, თავად აგათა მშვენივრად ერკვეოდა საწამლავებში. პირველი მსოფლიო ომის დროს ახალგაზრდა მედდა ბრიტანული არმიის პოლკოვნიკზე არჩიბალდ კრისტიზე დაქორწინდა. რამდენიმე წლის შემდეგ ქორწინება ჩაიშალა, მაგრამ სწორედ ამ გვარით გაიცნო კრისტი მთელმა მსოფლიომ. პირველი წიგნი აგათა კრისტიმ მხოლოდ 30 წლის ასაკში დაწერა. პირველი რომანის სახელი იყო „იდუმალი შემთხვევა სტაილზში“. მან მკითხველამდე მძიმე გზა განვლო. მწერალმა ის შვიდ გამომცემლობაში მიიტანა. შედეგად მხოლოდ 2000-იანი ტირაჟი გამოიცა, პირველი ლიტერატურული ჰონორარი კი მხოლოდ 25 ფუნტი სტერლინგი აღმოჩნდა, თუმცა მწერალს ფარ-ხმალი არ დაუყრია. მალევე გამოიცა მისი რამდენიმე ცნობილი რომანი, მათ შორის, „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“, რომელმაც ავტორს პოპულარობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით მალევე მოუტანა. სხვათა შორის, აგათას ნაწარმოებების პირველი ეკრანიზაციაც სწორედ „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“-ს უკავშირდება. მართალია, თავად აგათა ყოველთვის უკმაყოფილო იყო მისი დეტექტივების ეკრანიზებით, თუმცა ამ მხრვაც „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში” ერთადერთი აღმოჩნდა, რომლის ეკრანიზებითაც ავტორი კმაყოფილი დარჩა. კრისტის აზრით მსახიობმა ალბერტ ფინიმ დამაჯერებლად შეასრულა დეტექტივ ერკიულ პუაროს როლი. მიუხედავად იმისა, რომ რომანი - „მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ პირველად 1934 წლის 1-ელ იანვარს გამოიცა, ის დღემდე მსოფლიო ბესტსელერად ითვლება. ალბათ, ეს აგათა კრისტის გენიალური უნარის დამსახურებაცაა - კითხვის დროს მკითხველი პირველივე წინადადებიდან ერთვება იდუმალი საქმის გამოძიებაში - დეტექტივი ერკიულ პუარო ადის აღმოსავლეთის ექსპრესში, სადაც თავს მოიყრის სხვადასხვა ჯურის ადამიანი. მგზავრობის პირველ ღამეს მოხდება მკვლელობა. ერკიულ პუარო თავის თავზე იღებს ვალდებულებას გახსნას ერთი შეხედვით გაუხსნელი საქმე და ამას ახერხებს კიდეც.

შეგახსენებთ, რომ მომხმარებლისთვის აგათა კრისტის წიგნი -„მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში“ 5 ივლისიდან ჟურნალ "გზასთან“ ერთად იქნება ხელმისაწვდომი, მისი სპეციალური ფასია 5,5 ლარი, ხოლო ჟურნალთან ერთად 7 ლარი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს