"ძალიან მიკვირს ჩემი შეყვარებულის, მე ეჭვიანობა მომკლავდა..." - როგორ შეხვდა "იქს ფაქტორის" კონკურსანტი თამთა ხუხუნაიშვილი ჟიურის თამამ შეფასებას

"ძალიან მიკვირს ჩემი შეყვარებულის, მე ეჭვიანობა მომკლავდა..." - როგორ შეხვდა "იქს ფაქტორის" კონკურსანტი თამთა ხუხუნაიშვილი ჟიურის თამამ შეფასებას

„იქს ფაქტორის“ ბათუმელმა მონაწილემ, თამთა ხუხუნაიშვილმა, ჟიურის და მაყურებელს თავი განსხვავებული ხმის ტემბრით დაამახსოვრა - სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ მენტორი თამთა გოდუაძე ამ კონკურსანტს ვერ „შეელია“ და ოთხი სკამის ტურში გადაწყვეტილება მის სასარგებლოდ მიიღო.

"ხუხუც", როგორც მას მეგობრები მოიხსენიებენ, თავის მხრივ თავს არ ზოგავს და ყოველ ორშაბათს უკეთეს შედეგს აჩვენებს. მეოთხე ლაივზე თამთა სრულიად განსხვავებული იმიჯით წარსდგა მაყურებლის წინაშე, შეფასებაც შესაბამისი მიიღო, ჟიურის მამაკაცმა წევრებმა კომპლიმენტები არ დაიშურეს, ამ დროს კი კონკურსნატი თითქოს დაძაბული იდგა სცენაზე და ერთი სული ჰქონდა, როდის გავიდოდა კულისებში. კონკურსის სირთულეებსა და პირად თემაზე თამთა AMBEBI.GE-ს ესაუბრა.

- თამთა, ყველაზე რთულად რომელი ტური გახსენდება?

- ალბათ ყველაზე რთული იყო პირველი კასტინგი, როცა პირველად წარვსდექი ჟიურის წინაშე. ზოგადად ვფიქრობ, როცა კონკურსში მოდიხარ, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შეგხვდება სირთულეები და ყველაფერი უნდა გააკეთო მათ გადასალახად. შეიძლება მოგიწიოს ისეთი სიმღერის შესრულება, რომელიც სულაც არაა შენი, მაგრამ რადგან პროექტში ხარ, ყველაფერი უნდა გააკეთო ამისთვის..

- მეოთხე ლაივზე, სადაც სიმღერა ცნობილი კინოფილმიდან „გრეის 50 ელფერი“ შეასრულე, საკმაოდ თამამი შეფასება მიიღე ჟიურის მამაკაცი წევრებისგან.. თითქოს დაიძაბე კიდეც და ნანიკო ხაზარაძემ სცადა სიტუაციის განმუხტვა.. თავად როგორ შეაფასებ შენს გამოსვლას?

- ეგ სიმღერა ჩემგან ძალიან შორს იყო, მე უფრო "გიჟურ" სიმღერებს ვგრძნობ. ჩემი სტილიდან ამოვარდნილი ვიყავი და ალბათ ამიტომაც ვერ ვიტან მაგ გამოსვლას. არ არსებობს, რომელიმე სიმღერას თავისი „მუღამი“ არ დაუჭირო, ამ შემთხვევაშიც ყველაფერი გავაკეთე, რომ კარგი გამოსულიყო, მაგრამ პირადად მე კმაყოფილი არ ვყოფილვარ ჩემი შესრულებით. მომღერლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ბოლომდე გრძნობდეს სიმღერას, „მისი“ უნდა იყოს, მეც ვიმღერე, შეიძლება კარგიც იყო, მაგრამ მაგარი არ იყო. რაც შეეხება ჟიურის შეფასებას, მათი კომენტარების გამო, თავი უხერხულად არ მიგრძვნია, თვითონ ფილმი და სიმღერაა ისეთი, რომ თითქოს თამამ შეფასებას „ითხოვს“.

- თუმცა, ისეთი შეგრძნება დამრჩა, თითქოს ერთი სული გქონდა სცენიდან როდის გახვიდოდი...

- კი, მართლა ერთი სული მქონდა, სცენიდან გავსულიყავი, რომ მენახა ვიდეო, როგორ ვიმღერე და რა გამოვიდა, ეს იყო მიზეზი და არა ჟიურის შეფასებები. ცუდი რომ ეთქვათ რამე, ვიგრძნობდი უხერხულობას, მაგრამ ცუდი ნამდვილად არაფერი უთქვამთ.

- თამთა, ალბათ „იქს ფაქტორის“ შემდეგ მოიმატებდა თაყვანისმცემლების რიცხვი..

- კი, ასეა ნამდვილად იმატა დაინტერესებული ადამიანების რიცხვმა, მაგრამ მე მყავს შეყვარებული, ამიტომ უხეშობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ სხვებს ყურადღებას არ ვაქცევ.

- გასაგებია. მაშინ შენი შეყვარებულის შესახებ მოგვიყევი..

- ერთმანეთი ბათუმში, ჩემს ერთ-ერთ კონცერტზე გავიცანით, 2 წელია ერთად ვართ, თვითონ საზღვაო აკადემიაში სწავლობს.

- როგორ აფასებს შენს სასიმღერო კარიერას, ალბათ გგულშემატკივრობს..

- სწავლის გამო ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ყველანაირად გვერდით მიდგას.

- ყურადღების ცენტრში ხარ, ბევრს მოსწონხარ, არ ეჭვიანობს? როგორ უდგება ამ საკითხს?

- პირდაპირ გეტყვით, რომ ძალიან მიკვირს ჩემი შეყვარებულის, მე რომ მის ადგილას ვყოფილიყავი, ანუ როლები რომ გაგვეცვალა, ალბათ გავაფრენდი, მომკლავდა ეჭვიანობა. მართლა ვერ ვხვდები როგორ მიგებს და როგორ არ მაგრძნობინებს არაფერს. ხანდახან არის მომენტი, როცა ვგრძნობ, ეჭვიანობს, მაგრამ გულწრფელად ვამბობ, მის ადგილას, მე ბევრჯერ ვიჩხუბებდი.

- შენ ოჯახი იცნობს შენს რჩეულს?

- მე რაც მეხება, ყველაფერზე ემოციური დამოკიდებულება აქვთ ჩემს მშობლებს, განსაკუთრებით მამას, რომელიც ჩემზე მეტად ემოციურია.. თუმცა იცის, რომ არ ვარ 15 წლის და არ გავაკეთებ ისეთ რამეს, რაც ჩემი ოჯახის რომელიმე წევრს გულს ატკენს..

- სამომავლო გეგმები როგორი გაქვთ, აპირებთ ოჯახის შექმნას?

- არა, იმიტომ რომ ჯერ ძალიან ადრეა ეს ყველაფერი. ოჯახს საერთოდ სხვა დატვირთვა აქვს ჩემთვის, 16-18 წლისები რომ თხოვდებიან, მაგ საქციელს მართლა ვერასდროს ვერ ვიგებ, მიუღებელია. გასაგებია, რომ გიყვარს, მაგრამ ხომ შეიძლება, მომავალი აიწყო და დალაგებულად შექმნა ოჯახი?! ჯერ ბევრი მაქვს გასაკეთებელი, ამიტომაც ოჯახზე მერე ვიფიქრებ.

ავტორი: ციცი ომანიძე

ფილმი, რომელიც გია ყანჩელის ცხოვრების შესახებ ყვება - 23 ნოემბერს "სევდის ანგელოზების" პრემიერა შედგება

"დედას დღეს მაინც გავახსენდები?" - მარტა ბარამიძის გულახდილი პასუხები

"საფრანგეთის უნივერსიტეტი, სადაც  ვსწავლობდი, სალომე ზურაბიშვილმა და შვიდმა პრეზიდენტმა დაამთავრა" -  რა გეგმები აქვს "ევროვიზიაზე" თამარ კაკალაშვილს