"კარგა ხანია, აღარ მყავს შვილი, რომლის ფეხზე დაყენებასაც ჩემი ახალგაზრდობა და საუკეთესო წლები შევალიე. ყველა იმედი დამიკარგე, გაქრი ჩვენი ცხოვრებიდან", - ეს მესიჯი დედამ გვიან ღამით მომწერა. მივხვდი, რომ ამქვეყნად ჩემს ყოფნას აზრი არ ჰქონდა. სააბაზანოში შევედი და კარი შევიკეტე, მერე არაფერი მახსოვს", - ეს ფრაგმენტია ლუდომანი ქალის ნაამბობიდან, რომელმაც აზარტულ თამაშებს ყველაფერი შესწირა.
"კვირის პალიტრის" რესპონდენტი 31 წლის ქალია. ის ერთ დროს წარმატებული ექიმი იყო. მისი ოჯახი სამედიცინო კლინიკისწილების მფლობელი გახლდათ (ეკას მშობლებიც ექიმები ჰყავს), მენეჯმენტი კი გოგონას ებარა და ძალიან კარგად ართმევდა თავს, გადამზადებას უცხოეთის საუკეთესო ცენტრებში გადიოდა. მშობლები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ მათ შვილს წარმატებული კარიერა ჰქონოდა. ეკაც საკუთარ თავს სულ უფრო მეტს სთხოვდა და დღე-ღამეში 20 საათს მუშაობდა. ერთ დღეს ეს ყველაფერი ხელის ერთი მოსმით გაქრა...
ეკა: - ინგლისური და რუსული ბავშვობიდან ვისწავლე. მშობლებმა რუსულენოვანი ძიძა დაიქირავეს, რათა ეს ენა უფრო საფუძვლიანად შემესწავლა, ინგლისურზე კი იმ რეპეტიტორთან დავდიოდი, რომელიც დიპლომატებსა და ელჩებს ამზადებდა. დღედაღამ ვსწავლობდი და ვმუშაობდი. ამ ორი ენის გარდა, ჩემით ვისწავლე ჩინური და იაპონური. დედა, რომელიც უცხოეთში სემინარებზე ხშირად დადიოდა, მეუბნებოდა, დრო სწორად გაანაწილე, ცოტა გართობისთვისაც მოიცალე, თორემ საუკეთესო წლები გაგიფრინდებაო. არ მეცალა.
ჩემი კლინიკის ფილიალი რეგიონშიც გავხსენი და ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც მოვიწვიე. იქ გავიცანი ადამიანი, რომელმაც ჩემი ცხოვრების დანგრევაში უდიდესი როლი ითამაშა. კლინიკაში თარჯიმნად მუშაობდა და იმდენად მოვიხიბლე მისი მეტყველებით, ცხოვრებაში პირველად შემშურდა ადამიანის. ერთ საღამოს ყავის დალევაზე შევთანხმდით და ასე დაიწყო ყველაფერი.
- აზარტული თამაშების მოყვარული იყო?
- დიახ, თუმცა ამას რამდენიმე თვის განმავლობაში კარგად ნიღბავდა. მოწესრიგებული, განათლებული და რისკიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ყველაფერში ვბაძავდი - საუბარში, საქმისადმი დამოკიდებულებაში, ადამიანებთან ურთიერთობის ფორმაში... ერთ დღესაც მითხრა, ხანდახან კაზინოებს ვსტუმრობო. შევშფოთდი, მაგრამ მაშინვე შეარბილა, ნუ გეშინია, ხანდახან შევდივარ და გონებას სისხარტეში ვავარჯიშებო. მკითხა, ნამყოფი ვიყავი თუ არა. გამეცინა, არასდროს-მეთქი. რა კარგია, ასეთებს ყოველთვის უმართლებთ, ერთხელ წამოდი, გარემო მაინც ხომ უნდა გქონდეს ნანახიო. 27 წლის გოგო დარწმუნებული ვიყავი, რომ თამაშზე ხელი არასდროს წამიცდებოდა. 900 ლარი მოვიგე. აღფრთოვანდა, ყველაფერი ასე მაგრად რანაირად გამოგდისო. მას შემდეგ რამდენიმე დღე არც კი უხსენებია თამაში. შემდეგ ისევ წავედით კაზინოში, მერე და მერე დროის ინტერვალი შევამცირეთ. ხან ვიგებდი, ხან ვაგებდი, მაგრამ მივხვდი, რომ გონებაში რაღაც ლაქა გამიჩნდა, რომელიც სადღაც მექაჩებოდა.
თავდაპირველად, დღე-ღამეში 2-3 საათი მეძინა, რომ კლინიკაში აღებული ტემპი არ დამეგდო. ჩემი საქმე საკუთარ თავზე მეტად მიყვარდა. ვიღებდი პაციენტებს, შემდეგ მენეჯმენტის საკითხებს ვაგვარებდი, მაგრამ კვირაში ორ-სამჯერ სათამაშოდ გავრბოდით. "ამას სხვა მუღამი აქვს", - მეუბნებოდა ჩემი ახალი მეგობარი და კაზინოდან სლოტკლუბში, პოკერკლუბში მივდიოდით. როდესაც მივხვდი, რომ თამაში მანიად მექცა, გამოვუცხადე, მორჩა, ამაზე არც კი იფიქრო-მეთქი, და ჩემ მიმართ ინტერესი დაკარგა. მე კი უკვე შეჩვეული ვიყავი ცალკე მას, ცალკე აზარტულ თამაშებს. ხან რა მიზეზს ვეძებდი, ხან რას, რომ შევხვედროდი, თუმცა ვერ ვხვდებოდი, მასთან ურთიერთობა უფრო მინდოდა თუ თამაში. მთხოვდა, ემოციები გააკონტროლეო, მაგრამ უკვე აღარ შემეძლო.
- რას გულისხმობდა ემოციების გაკონტროლებაში?
- შეეძლო, თვე ისე გასულიყო, თავად არ ეთამაშა, ჩემს ან რომელიმე მეგობრის თამაშს უყურებდა და ამით თავის ე. წ. ზამასკას იკლავდა, მე კი ეს ვერ შევძელი...
პაციენტების მიღება შევამცირე - კლინიკის მართვას დიდი დრო მიაქვს და ვერ ვასწრებ-მეთქი. სინამდვილეში, მათთან ურთიერთობის სურვილი დავკარგე. შემდეგ სამეგობრო ჩამომშორდა. მუდმივად ვიტყუებოდი, არ მცალია-მეთქი და ბოდიშებს ვიხდიდი. რამდენიმემ მითხრა, კაზინოში გნახეს და რამ გადაგრიაო. ალბათ, შეეშალათ-მეთქი, მრცხვენოდა აღიარება, შემდეგ კი არც ეს მანაღვლებდა... საქმე იქამდე მივიდა, რომ ბოლოს ჩემი მეგობარი მამაკაცი ტაქტიანი რჩევა-დარიგებიდან ჩხუბზე, შემდეგ კი შეურაცხყოფაზე გადავიდა - ამაზრზენად იქცევი, ამ სისტემაში ჭიპი მაქვს მოჭრილი და თავად მინახავს, როგორ აყენებენ აპარატს - თავდაპირველად, მხოლოდ იმიტომ გაგებინებენ, რომ შენში თამაშის სურვილი აღძრან და შეგაჩვიონო.