ავტორი:

"ღიმილის ბიჭების" რეალური ისტორია - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და წლების შემდეგ ფილმის სცენარი დაწერა

"ღიმილის ბიჭების" რეალური ისტორია - ვინ იყო ბიჭი, რომელმაც ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და წლების შემდეგ ფილმის სცენარი დაწერა

ერთი ცნობილი ქართული ფილმის რეალური ისტორია გვინდა გიამბოთ, რომლის რეჟისორი რეზო ჩხეიძეა, ხოლოს ცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი. "ღიმილის ბიჭები" ბევრისთვის საყვარელი ფილმია. 1968 წელს გადაღებული სურთის გმირები მაყურებელს დღემდე უყვარს. "ღიმილის ბიჭები" წელს 50 წლის გახდა და მისი გახსენების ერთ-ერთი მიზეზი ესეც არის.

თბილისელმა ბიჭებმა, რომლებმაც ის იყო სკოლა დაამთავრეს, II მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჯარისკაცის ფარაჯა ჩაიცვეს, საკუთარი ოცნებები გვერდზე გადადეს, ახლობლებს გამოემშვიდობნენ და ომის ქარცეცხლში ჩაებმნენ. სწორედ იქიდან დაიწყო კიდეც მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, რომელიც განცდებით, უმძიმესი წუთებითა და საათებით იყო სავსე. ჰოდა, გუშინდელი ღიმილის ბიჭები მძიმე ხვედრის მქონე მებრძოლებად გარდაისახნენ.

ასე რომ, სცენარის ავტორს არაფერი მოუგონია, ომი საკუთარ ტყავზე გამოსცადა და ფილმში ასახული ამბავიც იმ ომს მიუძღვნა, რომელმაც მას და არამარტო მას სერიოზული კვალი დააჩნია.

აი, რას წერდა სულიკო ჟღენტი თავის მოგონებებში:

"ეს ჩემი თაობის ისტორიაა. "ღილმის ბიჭების" გმირები ჩემი თანაკლასელები არიან, X ა კლასიდან. ჩემს ყმაწვილურ მახასიათებლებს სამუდამოდ შემორჩა კლასელებთან გატარებული გამოსშვები საღამო - უდარდელ მხიარულებას მეორე დღეს, 1941 წლის 22 ივნისის დილას დიდი სამამულო ომის დაწყება მოჰყვა. მე და ჩემი თანაკლასელი ბიჭები ომში წავედით. შემდეგ იყო პირველი ბრძოლები, სანგარში დაღუპული მეგობარი, პირველად პირისპირ შეყრა სიკვდილთან და უცნაური გრძნობა, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვა - გარდაცვლილი ჯარისკაცის ხელის სითბო. დაჭრილ მეგობარს ჩავუყავი ხელი, გული აღარ უცემდა, მაგრამ სხეული ჯერ კიდევ თბილი ჰქონდა. მახსოვს ხელის სითბო მოკლული ჯარისკაცისა, იმ სითბოს მთელი ცხოვრება თან დავატარებდი. შემდეგ მძიმედ დავიჭერი, ნაწილში არავის ეგონა, თუ სიკვდილს გადავრჩებოდი, ტყვია გულს სულ რაღაც რამდენიმე სანტიმეტრით აცდა. ერთი დღე სანგარში უგონოდ ვიწექი. დაღუპულად ჩამთვალეს. მეორე დღეს, როდესაც ცხედრებს მიწას აბარებდნენ, შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ ცოცხალი ვიყავი, რუსეთის რომელიღაც ჰოსპიტალში მომათავსეს, შემდეგ შვებულებით სახლში გამომიშვეს. სოფელში დედა მივლიდა - ხალხური წამლებით მკურნალობდა.

ფოტო: სულიკო ჟღენტი

ცოტათი რომ მოვმჯობინდი, თბილისში ჩამოვედი. მოუთმენლად ველოდებოდი თანაკლასელებთან და მეგობრებთან შეხვედრას, მაგრამ დედებმა თითქოს პირი შეკრესო, სასოწარკვეთილნი ერთხმად წარმოთქვამდნენ: "თემური დაიღუპა", "ვაჟა დაიღუპა", "ნოდარი დაიღუპა" და ასე დავდიოდი სახლიდან სახლში, იმის იმედით, რომ ვიღაც მაინც მეტყოდა, ჩემი ბიჭი ცოცხალია, ძალ-ღონით სავსეა, ფაშისტებს ებრძვის. სწორედ ამ ბავშვებმა მოიგეს, რომლებიც ფრონტზე მოხალისეებად წავიდნენ.

არასდროს მოვხვედრილვარ ისეთ ნაწილში, სადაც კადრის ერთი ჯარიკაცი მაინც იქნებოდა. ჩემი თაობის ადამიანებს არჩევანის უფლება არ დაგვიტოვეს. განგებამ ყველა ჯარისკაცებად გვაქცია. საერთო ბედი, ინტერესები, ფიქრები გვამოძრავებდა, ყველა ერთნაირად ვიყავით თავგადაპარსული, ყველას ერთნაირი ნაცრისფერი ფარაჯა გვეცვა. მაშინ უკვე აღარ ვიყავით ბავშვები, მაგრამ ზრდასრულ ასაკსაც ვერ გადავაბიჯეთ. "რა ახალგაზრდობა მოდის" - ჩვენს თაობაზე ასე ამბობდნენ. 17-18 წლის ბიჭებს ისე გვიყურებდნენ, როგორც ონავრებსა და ქარაფშუტებს, მაგრამ ჩემმა თაობამ ომის მთელი სიმძიმე ვოლგიდან ელბამდე იტვირთა.

წვერი პირველად სანგრებში გავიპარსეთ. ერთხელ მოსკოვიდან ცნობილი სცენარისტი დანიელ ხრაბროვიცკი გვესტუმრა, რომელსაც თან რამდენიმე კინემატოგრაფისტი ახლდა. მე და ჩემმა მეგობარმა ისინი რესტორან "გემოში", ზემელზე დავპატიჟეთ. რეჟისორი თბილისში კამოს ქუჩაზე გაიზარდა და თავისი ყოფილი სახლის ნახვა მოისურვა. შუაღამისას რესტორნიდან იქით გავეშურეთ. კარი უცხო ცოლ-ქმარმა გაგვიღო. სანამ ისინი საქმეში გაერკვეოდნენ, "ეს შენ ხარ დანიელ" - დაიძახა მეორე სართულიდან მამაკაცმა. მეზობლები გარეთ გამოეფინნენ, გვეპატიჟებოდნენ, სუფრის გაშლა უნდოდათ. დანიელმა კი თავისი თანაუბნელი ძმაკაცების ჩამოვლა გადაწყვიტა. ყველა ფრონტზე დაღუპული აღმოჩნდა. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ძმათა სასაფლაოზე დავდივარ, - თქვა მან. წლების შემდეგ ჩემს მიერ ომში ნანახი და განცდილი მოსვენებას არ მაძლევდა, "ჯარისკაცის მამის" და "ღიმილი ბიჭების" სცენარებით ომის თემაზე რისი თქმაც მინდოდა, ცხადია, არ მითქვამს, ალბათ ვერასოდეს ამოვწურავ ჩემს ფრონტულ შთაბეჭდილებებს და განცდებს.

მისი თითქმის ყოველი დღე ხომ ყოველი ახალი ფილმის თემაა? ის კი არა, ზოგჯერ წუთიც კი ისე აღვსებულა აზრებით, შეგრძნებით, რისკითა და გამარჯვების დაუოკებელი წყურვილით, რომ დროის ამ უმცირეს მონაკვეთში მომხდარი ამბიციებიც კი ხელოვნების მნიშვნელოვანი ნაწარმოები შეიქმნებოდა. სცენარ "ღიმილის ბიჭების" შექმნას ავტორისეული მიზანი და კონკრეტული დანიშნულება ჰქონოდა: სტალინის კულტის დანერგვის შემდეგ რუსეთში გავრცელდა აზრი, რომ ქართველები მსოფლიო ომში არ მონაწილეობდნენ, რომ ისინი ჯარში არ მიჰყავდათ. საქართველომ სხვა რესპუბლიკებთან შედარებით ამ ომში ყველაზე დიდი მსხვერპლი გაიღო. როდესაც ფილმი "ღიმილის ბიჭები" ეკრანებზე გამოვიდა, მივხვდი, რომ ჩემმა მიზანმა გაამართლა".