თუ საძიებო სისტემაში ჩაწერთ „ფეხბურთის გულშემატკივარ ქალს“, შედეგად მიიღებთ ვიწრო მაისურებში, ანდა სულაც - წელსზემოთ შიშველი ქალის ფოტოებს.
BBC წერს რომ, სექსუალიზაციისა და ფაქტების დამახინჯებისგან დაღლილმა ფეხბურთის თაყვანისმცემლებმა გადაწყვიტეს, მსოფლიოს სხვა რეალობა დაანახონ. ჰეშთეგით #WeAreFemaleFans („ჩვენ ვართ ქალი გულშემატკივრები") ფეხბურთის ქომაგი ქალები მთელი მსოფლიოდან ათავსებენ სურათებს სოციალურ ქსელებში.
„ეს სურათები ხაზს უსვამს, რომ ფეხბურთს გულშემატკივრობს უამრავი ქალი, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგვანან. საჭიროა, ამ რეალობის შესახებ ვიცოდეთ,“ - ამბობს კამპანიის Fan Girl წევრი ემა თაუნლი.
მას იმედი აქვს, რომ ფოტოები ნახევრადშიშველი ქალების სურათებს ჩაანაცვლებს საძიებო სისტემების შედეგებში.
კამპანიის ფარგლებში ინტერნეტსივრცეში ჩნდება სხვადასხვა ასაკის, რასის და ფორმების მქონე ქალების სურათები, რომლებსაც უყვართ ფეხბურთი, ესწრებიან მსოფლიო ჩემპიონატს, გულშემატკივრობენ საყვარელ ნაკრებს და დარწმუნებულები არიან, რომ რაც მეტად გაზიარდება მათი სურათები ინტერნეტში, მეტი შანსია, ძიების შედეგები შეიცვალოს.
როგორც ირკვევა, ეს მხოლოდ ფეხბურთთან დაკავშირებული პრობლემაა, რადგანაც თუ, მაგალითად, მოძებნით „რაგბის ქალ თაყვანისმცემლებს“, ნახევრადშიშველი გოგონების ფოტოებს საძიებო სისტემა არ შემოგთავაზებთ.
რამდენიმე დღის წინ კამპანიის წევრები მსოფლიოში ფოტოების ყველაზე დიდი სააგენტოს - Getty-ს მიერ გამოქვეყნებულმა ფოტოგალერეამ აღაშფოთა სახელწოდებით „მსოფლიო ჩემპიონატის ყველაზე სექსუალური თაყვანისმცემლები“. ფოტოგალერეა Getty-მ მოგვიანებით წაშალა და განაცხადა, რომ სარედაქციო სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა.
თუმცა, ემასა და მისი თანამოაზრეებისთვის ეს ფაქტი კიდევ ერთი მაჩვენებელი იყო, რამხელა მუშაობაა საჭირო. „ჩემი პირველი რეაქცია იყო - „უნდა ვიცინო თუ ვიტირო“? ეს იყო აშკარა მიზოგინია. უნდა შევწყვიტოთ ფიქრი, რომ ეს ნორმალურია,“ - ამბობს ემა.