პროგრამა, რომელიც ქართულ ენაზე გესაუბრება და შესაძლებლობა აქვს გადაამუშაოს და გააანალიზოს მიღებული ინფორმაცია, შედეგად კი დასვას პირველადი დაიგნოზი, გაუწიოს პაციენტს შესაბამის ექიმთან ვიზიტის კონსულტაცია, უზრუნველყოს შემდგომი კვლევების ჩამონათვალით - ეს გეგა თათულიშვილის პროექტია. 19 წლის გეგამ, რომელიც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია, მედიცინაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვის რევოლუციური ფორმატი შეიმუშავა.
”სპეციალური ალგორითმით შექმნილი პროდუქტი სრულიად განსხვავებული და ახალი მიდგომით ანაცვლებს დიაგნოსტიკის, ექიმთან კონსულტაციის პროცედურებს, სამედიცინო განათლების მიღების შესაძლებლობებსა და სხვა პროცესებს. უნიკალური პროდუქტი - ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში, თვითგანვითარებადია, მუშაობს მეგამონაცემთა ანალიზზე, დაფუძნებულია ხელოვნურ ნეირონული ქსელზე და იყენებს ნეიროლინგვისტურ პროგრამირებას. პროდუქტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნას საგანმანათლებლო დანიშნულებითაც, რადგან ის აერთიანებს სამედიცინო სფეროში დაგროვილ ცოდნასა და უახლეს კვლევებს/მიღწევებს, მუდმივად განახლებადია და უალტერნატივოა სხვა საგანმანათლებლო პორტალებთან შედარებით,” - განმარტავს გეგა თათულიშვილი.
DigitalMed-ის განვითარების პროცესი მოიაზრებს სხვადასხვა ქვეყნის სამედიცინო ჩანაწერების გაერთიანებასა და ანალიტიკას, ქლაუდ სისტემაზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის მეგამონაცემთა ბაზის შექმნას.
”ყოველთვის მაინტერესებდა მედიცინა. სურვილი მქონდა და ვცდილობდი, გამომეგონებინა ისეთი რაღაც, რაც ძალიან დაეხმარებოდა მოსახლეობას და განავითარებდა მედიცინას. შედეგას კი სწორედ ეს პროდუქტი მივიღე. ის არის პირველი ქართული ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში. DigitalMed-ზე მუშაობა რამდენიმე თვის წინ დავიწყე. პროგრამა იყენებს სპეციალურად შექმნილ, უნიკალურ ალგორითმებს, რომლის ანალოგი მსოფლიოს მაშტაბით არ არსებობს. პროდუქტს განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს და მისი დამუშავება ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ბაზაზე მოხდება,” - დაამატა გეგა თათულიშვილმა.
DigitalMed გატესტილია მრავალჯერ და მზადაა გამოსაყენებლად. მისი შემქმნელი აპირებს, რომ ითანამშრომლოს კლინიკებთან და არამხოლოდ საქართველოს მასშტაბით. გეგას სურვილია, რომ ის ყველა ადამიანისთვის ხელმისაწვდომი იყოს. სამომავლოდ კი DigitalMed-ს ახალი ფუნქციებიც დაემატება.