ჩემი ინფორმაციით, რასაც მეზობლები მეუბნებიან, ეს გოგონები არ იყვნენ ფხიზელ მდგომარეობაში. თრობის, თუ ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. ამაზე ნამდვილად ვერ გეტყვით ვერაფერს, - ამის შესახებ მომღერალმა ზურა ხაჩიძემ ჟურნალისტებს ღუდუშაურის კლინიკასთან განუცხადა, სადაც დაჭრილი ირაკლი ნოზაძე მკურნალობს.
მისი განმარტებით, ის არ იცნობს იმ ორ გოგოს, რომლებიც გავრცელებული ინფორმაციით, მომღერალ ირაკლი ნოზაძის სახლთან მანქანით მივიდნენ და რომლებმაც ის, სავარაუდოდ, ცივი იარაღით დაჭრეს.
რაც შეეხება კიდევ ერთ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საქმეში მესამე პირიც ფიგურირებს და ეს არის მამაკაცი, რომელიც გოგონებთან ერთად მანქანაში იჯდა, ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ ამის შესახებ ინფორმაციას თვითონაც ფლობს.
"მეც მაქვს ეს ინფორმაცია, რომ მესამე პირიც იმყოფებოდა მანქანაში. იმ სახლთან, გარე პერიმეტრზე სათვალთავლო კამერებია და ალბათ, ჩვენ სამართალდამცველებს უკვე აქვთ ვიდეო-კადრები ამოღებული. შესაბამისად, ყველა ერთად დაველოდოთ გამოძიების შედეგებს.
არცერთ გოგონას არ ვიცნობ. არც მოტივი ვიცი, თუ რატომ და რის გამო შეიძლება მომხდარიყო ეს ფაქტი.
ირაკლი არ არის ის ადამიანი, რომელიც ვინმეს მწყობრიდან გამოიყვანს. არ მგონია, ირაკლის რამე ისეთი დაეშავებინა, რომ ვიღაცას სასიკვდილოდ გაემეტებინა", - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.
გარდა ამისა, მომღერალმა ისაუბრა შემთხვევის დეტალებთან დაკავშირებით მის ხელთ არსებულ ინფორმაციაზეც.
"ინციდენტი, რაც მოხდა და დეტალები რაც ვიცი, არის ის, რომ ორი გოგონა მივიდა ირაკლისთან მანქანით. ეზოდან მიაყენეს შეურაცხყოფა, რაზეც ირაკლიმ მოახდინა რეაგირება და ჩამოვიდა ეზოში. ცდილობდა, რომ დაემშვიდებინა და გაერკვია, თუ რასთან ჰქონდა კავშირი. ეს არის ჩემი ვარაუდი. ამის შემდეგ ერთად ჩასხდნენ მანქანაში ირაკლი და გოგონები. მერე კი ირაკლი მანქანიდან დაჭრილი გადმოვიდა, ჭრილობა იღლიის მხარეს აღენიშნებოდა - არტერიასთან რამდენჯერმე აქვს დარტყმული ცივი იარაღი. ეს არის ის, რაც ფაქტთან დაკავშირებით ვიცი. მე ვენდობი შსს-ს მიერ წარმოებულ ამ საქმეს. ძალიან ოპერატიულად მოხდა გამოძიების დაწყება და დაველოდოთ გამოძიებას", - განაცხადა ხაჩიძემ.
რაც შეეხება ირაკლი ნოზაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ხაჩიძის თქმით, ის სტაბილურად მძიმეა.
"ასევე როგორც ვიცი, დილით შეაფხიზლეს. იყო კონტაქტი მასთან, მაგრამ ისევ დაუმძიმდა მდგომარეობა, რამდენიმე ხნის უკან. ახლა მთავარია მისმა ორგანოებმა არ უმტყუნოს, ვინაიდან ბევრი სისხლი აქვს დაკარგული", - განაცხადა ზურა ხაჩიძემ.