ნიკოლოზ ვაჩეიშვილი არ დაიკითხა, რადგან არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"კითხვებზე პასუხები იყო ადეკვატური, ყველა კითხვაზე გაეცა პასუხი, არა მხოლოდ ვერბალურად, არამედ ფოტო ფაქტებით", - აღნიშნა პროკურორმა.
კითხვაზე, რატომ არ დაიკითხა ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, რომელიც ხორავას ქუჩაზე ცხოვრობს და მკვლელობებს შეესწრო, პროკურორი პასუხობს, რომ ვაჩეიშვილი ღირებულ ინფორმაციას არ ფლობდა.
"მოწმეების დაკითხვასთან დაკავშირებით არსებობს დამუშავების პროცედურები. რაც შეეხება ბატონი ვაჩეიშვილის არდაკითხვას, ის არ ფლობდა დეტალურ ინფორმაციას საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, არ შეეძლო კონკრეტიზაცია, ამიტომ არ მოხდა მისი გამოკითხვა. რაც შეეხება მის მეუღლეს. ის დაიკითხა, თუმცა ისიც ვერ ახდენს კონკრეტიზაციას", - განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პარლამენტში შექმნილი საგამოძიებო კომისიაზე პროკურორის გამოკითხვა ხვალ გაგრძელდება.