მცხეთის "ახალ სამედიცინო ცენტრში" მოთავსებული პაციენტებიდან სამის მდგომარეობა მძიმეა. ისინი რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობენ.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საავადმყოფოს ექიმმა ლევან ქარძანაიამ განუცხადა, ამჟამად ერთ-ერთ პაციენტს ოპერაცია უტარდება. რაც შეეხება სხვა პაციენტებს, მათ შორის 5 წლამდე ბავშვს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა ისინი 24-საათიან სამედიცინო მეთვალყურეობას საჭიროებენ. ექიმი არ გამორიცხავს, რომ რამდენიმე პაციენტი დღესვე გაწერონ.
საერთო ჯამში მცხეთის „ახალ სამედიცინო ცენტრში“ ავარიის შედეგად დაშავებული 10 პაციენტი მკურნალობს, ხოლო „ჯეოჰოსპიტალსში“ მოთავსებულია 9 პაციენტი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა შედარებით მძიმეა.
ასევე „ჯეოჰოსპიტალსში“ მოთავსებულია არასრულწლოვანიც, რომლის ჯანმრთელობას ექიმები საშუალო სიმძიმით აფასებენ. „ჯეოჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ დღეს არც ერთ პაციენტს არ გაწერენ, რათა გართულების შემთხვევაში დროულად მოხდეს მათთვის შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევა.
დღის მეორე ნახევარში მომხდარი ავარიის შედეგად 20 ადამიანი დაშავდა, ხოლო 30 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს.
დაკავებულია ტრაილერის მძღოლი, რომელიც სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, ტრაილერის მძღოლს მოძრაობისას ჩაეძინა. შეჯახება კი მაშინ მოხდა, როდესაც მიკროავტობუსი გაჩერებული იყო და მძღოლს მგზავრი აჰყავდა.