ავარია მოხდა წეროვანში. სამგზავრო მიკროავტობუსისა და ტრაილერის შეჯახების შედეგად, პირველადი ინფორმაციით, 16 ადამიანია დაშავებული.
როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
დაშავებულების ნაწილი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს საავადმყოფოებში ამ წუთებში გადაჰყავთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურში განუცხადეს. ნაწილი კი, როგორც უწყებაში აცხადებენ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში და მცხეთაში, „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
„პაციენტების საავადმყოფოებში გადაყვანა დასრულებული არ არის. მსხვერპლი არ არის“, - განაცხადეს უწყებაში.
ტრაილერის მძღოლი, რომელიც საქართველოში თურქული ნომრებით მოძრაობდა, დაკავებულია. როგორც“ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. როგორც ტრაილერი, ისე მიკროავტობუსი თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრაობდა.