საქართველოში „გრემის“ ორგზის მფლობელი ამერიკელი ვოკალისტი, ლიზა ფიშერი ჩამოვიდა. ლიზა ფიშერი წელს, რადიო ჰოლდინგ ”ფორტუნას“ ყოველწლიური პროექტის დაჯილდოების ცერემონიალის - „ოქროს ტალღის“ საპატიო სტუმარია.
ამერიკელი ვოკალისტის თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გუშინ, 16:00 საათზე დაეშვა. მას რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ გენერალური დირექტორი, თამარ ჩიგოგიძე და მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დახვდნენ, დღეს კი, ისინი ერთობლივად გენერალურ რეპეტიციას გაივლიან.
უამრავი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი, ამერიკელი ვოკალისტი ქართველი მსმენელის წინაშე 26 ივნისს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ნიკოლოზ რაჭველთან და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად წარდგება.
ლიზა ფიშერი, რომლის კარიერა 80-იან წლებში დაიწყო, დღემდე ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად არტისტად რჩება. ის წლების განმავლობაში, ისეთ გენიალურ მუსიკოსებთან ერთად მუშაობდა, როგორებიც არიან ტინა ტერნერი, ლუთერ ვანდროსი, სტინგი, ჯგუფი Rolling Stones და სხვა. ლიზა ფიშერის სადებიუტო ალბომი სახელწოდებით - „So Intense“ 1991 წელს გამოვიდა და მასში შესული ჰიტით „How Can I Ease the Pain“ მუსიკოსმა „გრემი“ მიიღო რიტმ-ენდ-ბლუზის საუკეთესო ქალი ვოკალისტის ნომინაციაში. ლიზას კონკურენტები არეტა ფრანკლინი, გლედის ნაიტი და ვანესა უილიამსი იყვნენ.
მორიგი „გრემი“ ლიზა ფიშერმა 2013 წელს, მორგან ნევილის დოკუმეტური ფილმისთვის - 20 Feet from Stardom მიიღო, რომელიც ბექ ვოკალისტების ცხოვრების შესახებ გადაიღეს. ფილმი „ოსკარის“ რიგით 86-ე ცერემონიის გამარჯვებულიც გახდა.
საქართველოში „ოქროს ტალღის“ რიგით მეხუთე საიუბილეო დაჯილდოების სპეციალური სტუმარი - ლიზა ფიშერი ქართველი მსმენელის წინაშე ლეგენდარული ჰიტებით წარდგება. 26 ივნისს, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 20:00 საათზე წლის გრანდიოზული მუსიკალური პროექტის - “ოქროს ტალღა 2018“-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებაზე შოუბიზნესის წარმომადგენლები და ცნობილი სახეები წითელ ხალიჩაზე გაივლიან, ხოლო მუსიკალური საღამო 21:00 საათზე დაიწყება, სადაც ცნობილი გახდება კომპეტენტური ჟიურისა და ნომინაციებში გამარჯვებულთა ვინაობა.
15 მუსიკალურ ნომინაციაში გამარჯვებულები კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დასახელდებიან. მათ გადაეცემათ „ოქროს ტალღის“ სიმბოლო, „წლის სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებული კი, მიიღებს განსაკუთრებულ პრიზს.