მოწმეებმა თქვეს, რომ კალანდიას გადაყვანისას, მათ ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ არაფერი იცოდნენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული თენგიზ კალანდიას ადვოკატმა დარეჯან ბუცხრიკიძემ განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე ერთ-ერთი მთავარი მოწმე გიორგი თურქია დაიკითხა, რომელმაც ხორავას ქუჩაზე მომხდარი შემთხვევის შემდეგ მიხეილ კალანდია და გ.ჯ., რომელიც დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობისთვისაა მსჯავრდებული, იმ ადგილიდან წამოიყვანა, სადაც ისინი ხორავას ქუჩაზე მომხდარის შემდეგ იმალებოდნენ. ადვოკატის ინფორმაციით, მომწმემ განაცხადა, რომ მანქანაში მოზარდებისთვის საეჭვო არაფერი შეუმჩნევია და არც რაიმეზე უსაუბრიათ.
"დაიკითხნენ მოწმეები, რომლებიც თენგიზ კალანდიას სახლში შვილის მიყვანაში დაეხმარნენ. მათ დაადასტურეს, რომ დაუკავშირდა კალანდია და სთხოვა დახმარება. ვინაიდან მრავალშვილიანი ოჯახია, მეზობლები, ვისაც მანქანა ჰყავთ, ეხმარებოდნენ ხშირად. ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ არ ჰქონდათ ლაპარაკი მანქანაში და ხორავას ქუჩაზე მომხდარის შესახებ გაიგეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფაქტი გაჟღერდა საინფორმაციოში. კალანდიების მამამ მხოლოდ მთხოვაო, რომ მიშა მყავს მოსაყვანი და თუ შეგიძლია გამყვე მანქანითო. არ შემინიშნავს არაფერი საეჭვოო მანქანაშიო. ექიმთან ვიყავი ჩაწერილიო და ვჩქარობდიო. რომ სცოდნოდათ მათაც მომხდარი დანაშაულის შესახებ, ალბათ საბრლდებო სკამზე ისხდებოდნენ", - განაცხადა დარეჯან ბუცხრიკიძემ.