საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ–ერთი საკითხი პატრიარქის მოსაყდრედ მიტროპოლიტ შიოს დანიშვნის კანონიერება იქნება. თუმცა, ამ საკითხის განხილვის საჭიროებაზე მღვდელმთავრები არ საუბრობენ.
როგორც სხდომაზე შესვლამდე სასულიერო პირებმა განმარტეს, წინასწარ მათთვის უცნობია, თუ რაზე იქნება სხდომაზე მსჯელობა, თუმცა მღვდელმთავრების ნაწილმა მედიასთან კომენტარი მაინც გააკეთა.
"უკვე დიდი ხანია სინოდის სხდომა არ შემდგარა, საკითხები დაგროვდა ეკლესიაში და ამაზე იქნება მსჯელობა" - ამის შესახებ ჟურნალისტებს წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ზოსიმემ საპატრიარქოში შესვლამდე განუცხადა.
ამასთან, წილკნისა და დუშეთის მიტროპოლიტმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ დღეს ადამიანებს ეკლესიისგან სულიერი ნუგეში სჭირდება. „მე მგონია, დღეს ადამიანებს სჭირდება სულიერი ნუგეში, რაც უფრო მეტ ნუგეშს მისცემს ეკლესია ხალხს, მით უფრო მშვიდობიანი ცხოვრება იქნება. ამ მიზანს მოემსახურება ალბათ დღევანდელი სხდომა“, - განაცხადა მეუფე ზოსიმემ.
კითხვაზე, დაუშვა თუ არა პატრიარქმა შეცდომა თანამოსაყდრედ მეუფე შიოს დასახელებასთან დაკავშირებით, მიტროპოლიტმა უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში“.
ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი, მეუფე ანტონი არ გამორიცხავს, რომ სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხთან დაკავშირებითაც იმსჯელონ. "ალბათ იქნება", - ასე უპასუხა მეუფე ანტონმა კითხვას, იქნება თუ არა სინოდის დღევანდელ სხდომაზე უკარაინის ავტოკეფალიის საკითხზე მსჯელობა.
ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, იქნება თუ არა მეუფე შიოს პატრიარქის თანამოსაყრდრეობიდან ჩამოშორების საკითხზე მსჯელობა, ვანისა და ბაღდადის მიტროპოლიტმა ანტონმა უპასუხა: "საიდან მოგაქვთ?"
ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრემ ჟურნალისტებს სინოდის სხდომის დაწყებამდე განუცხადა, რომ "ველოდები, უწმინდესი მოგვცემს განმარტებებს მის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით". ამასთან, როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, ბევრი საკითხი დაგროვდა, რაზეც სინოდს არ უმსჯელია.
"ძალიან ბევრი საკითხი დაგროვდა 8 თვის განმავლობაში, რაც სინოდის სხდომა არ ჩატარებულა. აქედან გამომდინარე ვნახოთ, კრებას დაველოდოთ. სინოდი იმიტომ იკრიბება, რომ საკითხები იქნას განხილული", - განაცხადა მეუფე პეტრემ.
ამასთან, წმინდა სინოდის დღევანდელ სხდომაზე, შესაძლოა, დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეც განიხილონ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დეკანოზის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა, მას აქვს დაუდასტურებელი ინფორმაცია, რომ დღეს სამღვდელოების ერთი ნაწილი, რომელიც ე.წ. ციანიდის საქმეზე მოკვლევას ატარებდა, დეკანოზის შესაძლო დანაშაულზე საკუთარ შეფასებას სინოდის წევრებს გააცნობს. რამიშვილი ასევე არ გამორიცხავს, რომ ერთმა ჯგუფმა ასევე მამა გიორგი მამალაძისთვის დეკანოზის წოდების ჩამორთმევაც მოითხოვოს.
„მე როგორც ვიცი კულუარულად, ერთ-ერთი საკითხი სავარაუდოდ, იქნება მამა გიორგის საქმე. წინა შეხვედრაზე თითქოსდა კომისია შეიქმნა, რომელსაც უნდა ჩაეტარებინა რაღაც მოკვლევა. თუ ისინი მხოლოდ იმას დაეყრდნობიან, რაც პროკურატურამ თავიდანვე თქვა, არ ვიცი. ჩვენთან არანაირი კომუნიკაცია არ ყოფილა. მათ უნდა გაეკეთებინათ შეფასება იმაზე, რამდენად რეალურად იყო დანაშაულის ჩადენაში მხილებული მამა გიორგი“, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.
დეკანოზის ადვოკატის ინფორმაციით, დაახლოებით ერთი თვის წინ დეკანოზთან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეუფე ნიკოლოზი და მეუფე საბა იმყოფებოდნენ. გამორიცხული არაა, რომ დეკანოზმა მეუფეებს სინოდის წევრებთან გარკვეული მოსაზრებები და თხოვნები გადასცა.