ჟურნალისტ აფგან მუხთარლის გატაცებასთან დაკავშირებით ევროსასამართლომ საქართველოს 8 და აზერბაიჯანს 6 კითხვით მიმართა, - ამის შესახებ მუხთარლის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ქვეყნებს სასამართლოსთვის პასუხების გასაცემად ვადა 31 ივლისამდე განესაზღვრათ.
ადვოკატის თქმით, სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ, თუ რამდენად იყო დაცული ჟურნალისტის მიმართ კონვენციით გარანტირირებული უფლებები.ჩოფიკაშვილის განმარტებით, ქართულ მხარეს ევროსასამართლოს კითხვების გაბათილება ძალიან გაუჭირდება.
ამასთან, იურისტ ნიკოლოზ ლეგაშვილის განცხადებით, შეკითხვები ეხება მათ შორის შესაძლო გატაცებას.
"შეკითხვები ეხება ისეთ დეტალურ მომენტებსაც კი, როგორიცაა გატაცება, მაგალითად, ხომ არ მოხდა ჟურნალისტის იძულებით გაყვანა საქართველოდან, ამაში მონაწილეობდნენ თუ არა ე.წ. აგენტები, ასევე ხომ არ მოხდა მისი ოჯახური უფლების დარღვევა, ხომ არ იყო დარღვეული მისი უსაფრთხოების უფლება, მისი იძულებითი გაყვანა საქართველოდან ხომ არ მოხდა ისე, რომ წამებას ან არაადამიანურ მოპყრობას ჰქონოდა ადგილი და ა.შ. ანუ საკითხი ეხება მისი გატაცების საკითხს და იმ დროს მიმდინარე პროცედურებს", - განმარტა იურისტმა.
მისივე განმარტებით, ქვეყნებს სასამართლოს კითხვებზე პასუხების გაცემის ვალდებულება აქვთ.
აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი თბილისში გასული წლის 29 მაისს გაუჩინარდა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ ის აზერბაიჯანში იმყოფება. აფგან მუხთარლის ბრალი სამი მუხლით - აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, კონტრაბანდის და ხელისუფლების წარმომადგენლისთვის წინააღმდეგობის გაწევის ან ძალადობის მუხლებით ჰქონდა წაყენებული.
2018 წლის 12 იანვარს აზერბაიჯანულმა სასამართლომ აფგან მუხთარლის 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.