საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, 20 ივნისს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 44-ე რაუნდის ფარგლებში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების აუცილებლობა. საქართველოს წარმომადგენლებმა თანათავმჯდომარეებსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მონაწილეებს გადასცეს ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შუალედური დასკვნა, რომელიც ნათლად წარმოაჩენს არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს. ასევე, მიაწოდეს ინფორმაცია ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების - დავით გურწიევისა და ალიკ ტაბოევის მიმართ არჩილ ტატუნაშვილის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის საქართველოს პროკურატურის მიერ ბრალის დაუსწრებლად წარდგენის შესახებ.
„მონაწილეებმა საქართველოდან კიდევ ერთხელ დაგმეს ცხედრის დაგვიანებით, შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოცემა. მათ რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს ორგანოების დაუყოვნებლივ გადმოცემისაკენ, რათა შესაძლებელი გახდეს ექსპერტიზის სრულყოფილად ჩატარება. საქართველოს წარმომადგენლებმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სრული პასუხისმგებლობა დააკისრეს რუსეთის ფედერაციას, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას და მოუწოდეს, ხელი არ შეუშალოს არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულებას. აღინიშნა, რომ ეთნიკური ქართველების სიცოცხლის ხელყოფა უკვე იქცა შემაშფოთებელ ტენდენციად, რისი დასტურიცაა გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობა საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელთა მხრიდან. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ხაზი გაუსვეს აღნიშნულ საქმეებზე დამნაშავეთა დასჯის აუცილებლობას. წამოჭრილ საკითხებზე რუსეთისა და საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა არგუმენტირებული პასუხები ვერ გასცეს“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, მოლაპარაკებებისას განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობაზე. მონაწილეებმა საქართველოდან ხაზი გაუსვეს მოსკოვის მიერ აღნიშნული შეთანხმების იმპლემენტაციისათვის კონკრეტული ნაბიჯების მუშავების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილ იქნას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უკანონოდ განლაგებული რუსეთის ძალების ეტაპობრივად გაყვანა და იქ უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა. საქართველოს წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს რუსეთის მიერ ძალის არგამოყენების ვალდებულების დადასტურებისა და შესრულების აუცილებლობას.
„ამ ფონზე რუსეთის ფედერაცია ჩვეული ცინიზმით შეეცადა წარმოეჩინა, თითქოს მას უკვე შესრულებული აქვს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მოლაპარაკებებზე აქცენტი გაკეთდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომის აუცილებლობაზე. აღინიშნა მისიის მიმართ რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ბოლოდროინდელი პროვოკაციული ქმედებების მიუღებლობა. ხაზი გაესვა, რომ მსგავსი ნაბიჯებით რუსეთის ფედერაცია კიდევ უფრო აბრკოლებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის განხორციელებას. ვრცლად იქნა განხილული საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი მძიმე ვითარება. აქცენტი გაკეთდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მიმდინარე მილიტარიზაციასა და უკანონო სამხედრო წვრთნებზე, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ ნაბიჯებზე. მონაწილეებმა საქართველოდან შეშფოთება გამოხატეს საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის გამო. მათ პროვოკაციად შეაფასეს ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება ე.წ. „საზღვრის დემარკაციისა და დელიმიტაციის საკითხებზე კომისიის“ შექმნის თაობაზე. აღინიშნა ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვისა და სხვადასხვა დისკრიმინაციული ზომების მიღების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება. ხაზი გაესვა უკანონო დაკავებებისა და გატაცებების მიუღებლობას. ამ კონტექსტში იქნა განხილული სასულიერო პირთა თავისუფლების თვითნებურად აღკვეთა და სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთებზე ადგილობრივ მოსახლეობის წვდომის შეზღუდვა“, - ნათქვამია განცხადებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში ქართველების ეთნიკური დისკრიმინაციის გაძლიერება განსაკუთრებული ყურადღების საგანს წარმოადგენდა ორივე სამუშაო ჯგუფში.
„საქართველოს წარმომადგენლებმა ეთნიკური წმენდის გაგრძელებად შეაფასეს აფხაზეთის რეგიონის მკვიდრი ქართველი მოსახლეობის იძულება უცხოელებად დარეგისტრირებაზე და მათი ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის, საკუთრების უფლების შემდგომი შეზღუდვა. შეშფოთება გამოითქვა აგრეთვე გალისა და ახალგორის რაიონებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვის მძიმე შედეგებთან დაკავშირებით. თანათავმჯდომარეებმა და მონაწილეებმა აშშ-დან და საქართველოდან ყურადღება გაამახვილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ერთ-ერთ უმთავრეს საკითხზე - იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე საგნობრივი მოლაპარაკებების აუცილებლობაზე. მათ ხაზი გაუსვეს ამ საკითხზე რუსეთის მხრიდან პოლიტიკური სპეკულაციის მიუღებლობას. აღნიშნულის მიუხედავად, რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა კვლავ მოახდინეს ჰუმანიტარული თემების პოლიტიზირება და დევნილთა საკითხის განხილვისას დატოვეს მოლაპარაკებები. მოლაპარაკებების წინა დღეს გაიმართა საინფორმაციო სესია თემაზე: „კონფლიქტთან დარეგულირების პროცესებში დამკვიდრებული პრაქტიკა და პრინციპები“, - ნათქვამია განცხადებაში.