ავტორი:

რით ჰგავს ბახტაძის სამთავრობო პროგრამა კვირიკაშვილისას და რას პროგნოზირებენ ექსპერტები

რით ჰგავს ბახტაძის სამთავრობო პროგრამა კვირიკაშვილისას და რას პროგნოზირებენ ექსპერტები

"თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა" - პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე, წინამორბედ გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, ხელისუფლების სათავეში ამ დევიზით და დაპირებებით მოდის. 2018-2020 წლების სამთავრობო პროგრამა კვირიკაშვილის მიერ 2017 წლის დეკემბერში წარდგენილი პროგრამის ანალოგია და მასში პრიორიტეტი მცირე მთავრობის კონცეფცია, განათლება და ეკონომიკური განვითარებაა.

52-გვერდიანი სამთავრობო პროგრამა, რომელიც ბახტაძემ მთავრობის ახალ შემადგენლობასთან ერთად, პარლამენტს დასამტკიცებლად გადაუგზავნა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. მათ შორისაა განათლების სფერო, რომელსაც საკმაოდ ვრცელი ადგილი უჭირავს.

„მთავრობა იზრუნებს პედაგოგის პროფესიის პრესტიჟის ამაღლებაზე და მათ ღირსეულ ანაზღაურებაზე“ - აღნიშნულია ბახტაძის წარდგენილ პროგრამაში, თუმცა არ არის დაკონკრეტებული, რა ვადებში განხორციელდება პედაგოგების ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცვლილება და არც ისაა განსაზღვრული, რამდენი შეიძლება იყოს "ღირსეული ანაზღაურება". პროგრამის მიხედვით, პედაგოგების ხელფასების ზრდა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე იქნება დამოკიდებული.

„ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და მათი პროფესიული მიღწევების შესაბამისად, დაიგეგმება სახელფასო პოლიტიკა“ - წერია პროგრამაში. რაც შეეხება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, მამუკა ბახტაძის სამთავრობო ხედვის მიხედვით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლების უწყვეტი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას:

„დაინერგება ინტეგრირებული-საბაკალავრო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებელთა მომზადების სისტემის გაუმჯობესების მიზნით. სკოლებში ახალი და კვალიფიციური კადრების მოზიდვის მიზნით, უმაღლესდამთავრებულ პირთათვის გაგრძელდება მასწავლებლის მომზადების აკრედიტებული 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამა, სახელმწიფო უზრუნველყოფს მასწავლებლის უწყვეტი პროფესიული განვითარების მხარდაჭერას, უზრუნველყოფილი იქნება პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარება და პროფესიული ცოდნის ამაღლება.

სწავლა-სწავლების პროცესისა და სკოლების მართვის გაუმჯობესების მიზნით, გაგრძელდება სკოლის დირექტორების, როგორც საგანმანათლებლო ლიდერების, პროფესიული განვითარების მასშტაბური პროგრამების განხორციელება“ - აღნიშნულია პროგრამაში.

კვირიკაშვილის პროგრამის მსგავსად, ბახტაძის პროგრამაშიც, ეკონომიკის განვითარება კერძო სექტორის წახალისებით არის გათვალისწინებული:

"ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვა ეფუძნება თავისუფალი ბაზრის პრინციპებს, სადაც კერძო სექტორი არის ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ძალა. მთავრობისათვის მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ხარისხობრივი მაჩვენებელიც. მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა მიმართულია ქვეყნის ეკონომიკაში წლების განმავლობაში დაგროვილი სტრუქტურული გამოწვევების საპასუხოდ“, - აღნიშნულია ბახტაძის სამთავრობო პროგრამაში.

ისევე როგორც კვირიკაშვილი ბახტაძეც ქვეყნის მმართველობას მცირე მთავრობის პერსპექტივაში ხედავს.

„მცირე და მოქნილი მთავრობის კონცეფციის განსახორციელებლად გაგრძელდება სამთავრობო უწყებების შემდგომი გაერთიანება/ოპტიმიზაცია, მათ შორის ფუნქციების გადანაწილება დაგეგმილი რეფორმების სწრაფად და ეფექტიანად განსახორციელებლად" - აღნიშნულია ბახტაძის პროგრამაში.

ამასთან, სასამართლო სისტემაში მეოთხე ეტაპის რეფორმის განხორციელება ახლა უკვე ბახტაძემაც დაანონსა. მან პირობა დადო, რომ დაგროვილი და ჯერაც გადაუწყვეტელი საქმეების რაოდენობა შემცირდება. ასევე დააანონსა, რომ მალე პარლამენტს "მედიაციის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს. ზუსტად ამაზე საუბრობდა გასულ წელს კვირიკაშვილიც...

საერთო ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ბახტაძის სამთვარობო პროგრამა ერთ-ერთში იმეორებს კვირიკაშვილის მიერ დაანონსებულ, თუმცა არ შესრულებულ რეფომებს. ისევე როგორც კვირიკაშვილის, ახლა უკვე ბახტაძის სამთავრობო პროგრამას დადებითად აფასებენ პოლიტილოგები, თუმცა გამოცდილების გამო, მის განხორციელებას სკეპტიკურად უყურებენ.

"გეგმა სწორი მიმართულებით არის ჩამოყალიბებული... ჩვენთან ხელისუფლება მუდმივად ლაპარაკობს იბერიის გაბრწყინებაზე, მაგრამ რეალურად ადამიანი არ მისულა იმ მდგომარეობაზე, რაზეც მუდმივად გვესაუბრებიან.

ბახტაძის პროგრამაში შეიმჩნევა, რომ ის ხედავს სად არის სისტემური პრობლემა. სისტემური პრობლემა გახლავთ იმაში, რომ ვეღარ ვითარდება საშუალო ფენა, რომელიც ქვეყნის სტაბილურობის მთავარი გარანტი უნდა გახდეს.

"დღევანდლამდე ყველა ხელისუფლება ეკონომიკას უყურებდა ბიზნესის პრიზმაში, მხოლოდ მათ ელაპარაკებოდა და მათი ინტერესების ლობისტი იყო, რაც პრინციპულად არასწორია. ამით წვრილი და საშუალო ბიზნესის კონკურენცია ნულამდე დავიდა. არა და, ამას უნდა შეექმნა სამუშაო ადგილები და ჩამოეყალიბებინა შესაბამისად საშუალო ფენა“, - უთხრა AMBEBI.GE-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა.

მისი თქმით, ბახტაძის პროგრამა სახელმწიფოებრივად კვირიკაშვილის პროგრამაზე უფრო სწორია. თუმცა, საბოლოოდ რა მიმართულებით მოხდება ამის რეფორმირება, უჭირს პროგნოზის გაკეთება.

"ყველა ინიციატივა, რაც მოვისმინე ბახტაძისგან, არის სტიმულირებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის და შესაბამისი საგადასახო და ადმინისტრაციული გარემოს ჩამოყალიბებისთვის. ეს კვირიკაშვილის პროგრამის ანალოგიური არ არის. შეიძლება დეკლარაციის დონეზე ერთიანობა დავინახოთ, მაგრამ კვირიკაშვილს არ ჰქონია კონკრეტულ ციფრებზე ლაპარაკი. მაგალითად, ბიოროკრატიული ხარჯების ზედა ზღვრის დაწესებაზე.

ბახტაძის პროგრამა სახელმწიფოებრივად სწორია და შესაბამისად უფრო პერსპექტიულია. ქვეყანაში არ გვაქვს კარგი გამოცდილება, რომ სწორი პროგრამები სწორ მიმართულებას იძენს. ამიტომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ზომიერად ოპტიმისტი ვიქნები. განაცხადი მომწონს, მაგრამ ამას განხორციელება უნდა. თორემ, აი მაგალითად სამინისტროები კვირიკაშვილმაც შეამცირა და ამან მიიღო მექანიკური სახე, ჩვენ ეფექტი ფაქტობრივად ვერ დავინახეთ. შესაბამისად, გააჩნია როგორ ჩატარდება ეს ოპტიმიზაციის პროცესი. ასე რომ, დაველოდოთ, ვაცადოთ მთავრობას 100 დღე და მერე გამოჩნდება ყველაფერი“, - გვითხრა ხუხაშვილმა.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე დარწმუნებულია, რომ ბახტაძეს ამ რეფორმების წარმატებით განხორციელების სურვილი აქვს, თუმცა მარტო ვერ გაუმკლავდება. შესაბამისად, ამას სკეპტიკურად უყურებს და კეთილდღეობის დიდი იმედი არ აქვს.

"თეორიულად ყველაფერი შესაძლებელია, სურვილიც აქვთ, არც კვირიკაშვილს არ ჰქონდა მონდომება, რომ მისი 4-პუნქტიანი გეგმა ბლეფი აღმოჩენილიყო. ამის სურვილი არც ბახტაძეს აქვს, მაგრამ პოლიტიკოსთა სურვილები ხშირად ვერ იქცევა მატერიალიზაციად და ცხოვრებაში ამის გატარება შეუძლებელი ხდება. რასაკვირველია მოდის ახალგაზრდა კაცი ამბიციური და ბუნებრივია აქვს მისწრაფება, რომ შევიდეს ისტორიაში, როგორც რეფორმატორი, რომელმაც გარდატეხა შეიტანა განათლებისა თუ სხვა სფეროებში.

თითქმის ყველა პრემიერის სამთავრობო პროგრამაში პრიორიტეტი არის განათლება. მაგრამ სამწუხაროდ, ვართ გაეროს ქვეყნების ორი მესამედის რიცხვში, რომლებსაც ერთი უნივერსიტეტიც კი არ აქვს მსოფლიო მასშტაბის. აი, რუსეთის ლომონოსოვის უნივერსიტეტმა კი უკვე მიიღო საერთაშორისო აღიარება. თუმცა, უმაღლესი სასწავლების რაოდენობით საქართველო, ალბათ პირველ ხუთეულში იქნება.

ხელისუფლების მთავარი ამოცანა უნდა იყოს შიმშილის ლიკვიდაცია და ის კატასტროფული ფაქტები, რაც დღეს ქვეყანაში ხდება, რომელიც "იუნესეფის" კვლევაშია აღნიშნული. ასე რომ, ყველაფერი პირველ ნაბიჯებზეა დამოკიდებული. როდესაც შენობა კაპიტალურ რემონტს ითხოვს და საძირკველი მორყეულია, არ უნდა ზრუნავდე იმაზე სახურავი როგორ გადახურო.

სამწუხაროდ, ჩემი გამოცდილება არ მაძლევს იმის სტიმულს, რომ მოხდება ამ პროგრამაში აღნიშნული რეფორმების განხორციელება. ამიტომ ოპტიმისტურად ვერ ვიქნები განწყობილი. გარდა ამისა, ერთ ადამიანს არ შეუძლია ამის გარდაქმნა. საკადრო სელექცია აქილევსის ქუსლად იქცა ყველა პირველი პირისთვის დაწყებული გამსახურდიათი, ივანიშვილით დამთავრებული. ყველა პირველი პირი დგებოდა ისტორიული არჩევანის წინაშე - ერთგულება თუ პროფესიონალიზმი და ყველა არჩევანს აკეთებდა ერთგულებაზე", - უთხრა AMBEBI.GE-ს ცინცაძემ.

LIVE: ალეკო ელისაშვილი და გიორგი ვაშაძე "ნიუსრუმში"

ანტიკვარული ჭაღები, ხალიჩები და საათები - რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა რეზიდენციის მოსაწყობად

"პიკეტირება გაგრძელდება" - რას გეგმავენ "სირცხვილიას" ორგანიზატორები და როგორ არიან  აქციის დაშლის შედეგად დაშავებულები