ავტორი:

რა დააპატენტეს ბოლო წლებში ქართველმა გამომგონებლებმა და რა ღირს პატენტის მიღება

რა დააპატენტეს ბოლო წლებში ქართველმა გამომგონებლებმა და რა ღირს პატენტის მიღება

ქარის ენერგიის მიმღები მოწყობილობა, აფეთქებისგან დამცავი სისტემა, ცხაურას ტიპის ღვარცოფსაწინააღმდეგო ნაგებობა, სათესი მანქანა... - ეს და ბევრი სხვა რამ, ქართველი გამომგონებლების მიერ ბოლო 5-6 წლის განმავლობაშია შექმნილი და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა დაარეგისტრირა.

რა ეტაპებს გადის თითოეული ნაშრომი, სანამ მას პატენტს მიანიჭებენ? - ამ თემაზე საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის (საქპატენტი) თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგლიძე გვესაუბრება.

"ჩვენთან სპეციალური პროცედურებია გასავლელი - გამოგონებაზე განაცხადი ექსპერტიზას გადის, რაც იმას გულისხმობს, რომ გამომგონებლის ნამუშევარი პატენტუნარიანად ჩაითვალოს და დამტკიცდეს როგორც ახალი გამოგონება. მანამდე მსოფლიოს მასშტაბურ მონაცემთა ბაზებში ვამოწმებთ, თუ სადმე მსგავსი ობიექტი დადგინდა, მაშინ პატენტი არ გაიცემა," - განმარტავს ნიკოლოზ გოგლიძე. საქართველოში პატენტის გაცემას დაახლოებით 2 წელი ესაჭიროება. "მსოფლიო მასშტაბით რომ შევადაროთ, ეფექტურ უწყებად ვითვლებით, სხვაგან პატენტის გაცემას 5 წელი უნდა," - დასძენს საქპატენტის თავმჯდომარე.

"რაც შეეხება სტატისტიკას, ის ყოველწლიურად უარესდება - ადგილობრივ გამოგონებაზე განაცხადები იკლებს, რაც ორი რამითაა განპირობებული: პირველი - გარკვეულ დარგებში ცოდნა დავკარგეთ, მეორე - ვერ მოვახდინეთ მანამდე არსებული მეცნიერული ცოდნის თანამედროვეობასთან დაკავშირება. შესაძლებელია მე გამოვიგონო, მაგრამ მან ბიზნესში გამოყენება ვერ პოვოს, ასეთი გამოგონებები წყალშია გადაყრილი, ამიტომ, ჩვენი მთავარი გამოწვევაა, ის სამეცნიერო პოტენციალი, რაც დაგვრჩა, ბიზნესს დავუკავშიროთ, კვლევა პირდაპირ ბიზნესმოთხოვნასთან იყოს კონტაქტში" - აღნიშნავს ნიკა გოგლიძე.

- ავტორის დარეგისტრირების შემდეგ, პროექტის კომერციულ ბედზე პასუხისმგებლობას არ იღებთ?

- გამოგონებაზე ჩვენთან რეგისტრაციის აზრი ის არის, რომ ავტორმა შემდგომ სხვას აუკრძალოს მისი გამოყენება, დამზადება, იმპორტი, ექსპორტი - მისი გამოგონებით სარგებლობა. ხოლო პროექტი ზოგადად მოუტანს თუ არა შემოსავალს, დაინერგება თუ არა წარმოებაში, გამოვა თუ არა სამოქალაო ბრუნვაში, ამაზე საქპატენტი პასუხისმგებელი არ არის და ვერც ერევა. თუ გამომგონებელი ვინმეს მისი ნამუშევრის გამოყენების უფლებას მისცემს, უნდა გამოართვას შესაბამისი ჰონორარი, ანუ როგორ მოახდენს გამოგონების კომერციალიზაციას, თავიდან ბოლომდე მასზეა დამოკიდებული. თუ გამოგონება არის ღირებული, მისი კომერციალიზაცია არც ისე რთულია.

- რამდენად ახერხებენ საკუთარი გამოგონების პრაქტიკაში გამოყენებას?

- იმის ოფიციალური ბერკეტი, რომ ეს ვაკონტროლოთ, არ გვაქვს, თუმცა დაინტერსებულები ვართ, ეს ინფორმაცია მივიღოთ. თუ გამომგონებელს უნდა, რომ მისი გამოყენება სხვა ქვეყნებშიც აიკრძალოს, იქაც უნდა გავიტანოთ, ეს განაცხადი საქპატენტიდან გადის ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციაში. წელიწადში შეიძლება მაქსიმუმ 5 მსურველი აღმოჩნდეს, რომ მისი მოთხოვნა უცხოეთში, საერთაშორისო მიმართულებით წავიდეს.

- გამომგონებელთა მომართვიანობა როგორია და რა ღირს გამოგონებაზე პატენტის მოპოვება?

- 150-მდე ადამიანი გვაკითხავს. მთავრობის მიერ დადგენილია, რომ საშუალოდ, 700-დან 1000 დოლარამდე ჯდება, თუმცა ფიზიკური პირებისთვის და სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტებისთვის 70%-იანი შეღავათები გვაქვს. სტუდენტებისა და პენსიონერებზე 90%-იანი შეღავათი ვრცელდება. ჩვენთან გამოგონებები ძირითადად მექანიკის სფეროშია, რამდენიმე ფარმაცევტული მიართულებითაც.

მსოფლიოში მიმდინარე ტენდენციებს ქართული არ მიჰყვება. იქაური სამეცნიერო საქმიანობა პირდაპირ დაფინანსებაზეა მიბმული. მასაჩუსეტსის უნივერსიტეტი მილიარდებს ხარჯავს შიდა კვლევებზე. კვლევებსა და გამოგონების შექმნაზე ხარჯავენ ფულს ცნობილი კომპანიები, რაც შემდეგ შედეგის პირდაპირპროპორციულია. ამიტომ, როგორც გითხარით, ახლა ბიზნესთან აქტიურად ვმუშაობთ, რა სარგებელი შეიძლება მოიტანოს ამ ყველაფერმა და როგორ გვჭირდება რაღაცების რეფორმირება. არადა, ბიზნესს მეცნიერებასთან კავშირმა რეალურად სასარგებლო შედეგები შეიძლება გამოიღოს და ამ მიმართულებით ძვრებიც გვაქვს.

- იქნებ იმ საინტერესო გამოგონებებზე ვისაუბროთ, რომლებიც განსაკუთრებით დაგამახსოვრდათ?

- ერთი ძალიან კარგი გამოგონება იყო - შუშის გამჭვირვალობის და შუქგამტარობის მართვის ხერხი და მოწყობილობა. თხევადი კრისტალების ფენას მინას უკეთებდნენ, რასაც დენს აწვდიდნენ, რომლის სიმძლავრის მიხედვითაც ფერი ან მუქდებოდა ან ღიავდებოდა. ელექტროენერგიას ფანჯარაზევე ამოტაჟებდნენ - მზის ელემენტებს, რაც საკმარისი იყო. ფანჯარას მომდგარი მზე მართვის პულტით იმართებოდა, კრისტალების დამუხტვის ხარჯზე კი მინა მუქდებოდა. ამ პროექტს რამდენიმე უცხოურ კომპანიასთან მოლაპარაკებებიც ჰქონდა. ამით პანორამული სახურავების მქონე მანქანებიც დაინტერესდნენ, რომ დაემონტაჟებინათ და მზეზე შუშები დაემუქებინათ. სამწუხაროდ, ამ საქმეს წინსვლა რატომღაც არ მიეცა...

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ