სურათი, რომელზეც 2 წლის გოგო ცრემლიანი, შეშინებული თვალებით ჩანს, თითქმის მთელმა მსოფლიომ ნახა. ბავშვმა დედასთან ერთად გადაცურა რიო-გრანდე და ტეხასში აშშ-ს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებმა გააჩერეს. სურათი გასულ კვირას არის გადაღებული, ავტორი კი ფოტოგრაფი, პულიცერის პრემიის გამარჯვებული ჯონ მურია.
„ხალხი ავტობუსში ავიდა, ბოლოს 2 წლის ბავშვი და დედამისი დარჩნენ. პოლიციამ ქალის გაჩხრეკა დაიწყო და დედას გოგონას ხელიდან გაშვება მოუხდა. სწორედ ამ დროს ბავშვმა ტირილი დაიწყო. უცნაური არაფერია, როდესაც ბავშვები ტირიან, თუმცა ამ კონკრეტულ სიტუაციაში, როდესაც ოჯახის წევრებს ერთმანეთისგან განშორება უწევთ, ცრემლები სულ სხვა მნიშვნელობას იძენს,“ - ამბობს მური CNN-თან.
ატირებული ბავშვი პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „ნულოვანი ტოლერანტობის“ საიმიგრაციო პოლიტიკის სახედ იქცა. პოლიტიკამ საბუთების არმქონე მშობლებისა და შვილების ერთმანეთისგან დაშორება მოიტანა შედეგად.
ოფიციალური მონაცემებით, აპრილსა და მაისში, 6 კვირის მანძილზე დაახლოებით 2 ათასი ბავშვი და მშობლები დააშორეს ერთმანეთს.
ტრამპის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ეს ზომები შეეხება ყველას, ვინც საზღვარს უკანონოდ გადაკვეთს, იმ შემთხვევაშიც, თუ მცირეწლოვანი ბავშვებით იქნებიან.
მურს ინფორმაცია არ აქვს, რა ბედი ეწია პატარა გოგონას და დააშორეს თუ არა ის დედას. მისი თქმით, მშობლებისა და შვილების განცალკევება კამერების წინ არ ხდება.