ავტორი:

"ყველას აშინებს... მისი გვარი ბინძურ საქმეებში ფიგურირებს" - ვინ არის გურწიევი, რომელიც ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს

"ყველას აშინებს... მისი გვარი ბინძურ საქმეებში ფიგურირებს" - ვინ არის გურწიევი, რომელიც ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეზე გაასამართლეს

საქართველოს პროკურატურამ არჩილ ტატუნაშვილისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ჯგუფურად წამებაში დახმარებისთვის, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოების ორ თანამშრომელს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა.

ბრალდებულები არიან - ოკუპირებული ახალგორის ე.წ პროკურორის თანაშემწე დავით გურწიევი და ე.წ უშიშროების კომიტეტის ახალგორის განყოფილების უფროსი ალიკ ტაბოევი. მათ ბრალად ედებათ არჩილ ტატუნაშვილთან ერთად, კიდევ ორი მოქალაქისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაც. გურწიევისა და ტაბოევისთვის წარდგენილი ბრალდება 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მედიის ცნობით, ალიკ ტაბუევზე ბევრი არაფერია ცნობილი, არც ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით, რაც მის მონაწილეობასა და დანაშაულებს გამოკვეთდა... რაც შეეხება დავით გურწიევს, ის მედიის ინტერესის ობიექტი არაერთხელ გამხდარა, რადგან არა მხოლოდ მოწმეა პროკურატურის, არამედ რაიონში გადაწყვეტილების მიმღებიც გახლდათ.

“გურწიევი რუსეთის 90-იანი წლების პერსონაჟია, ასე ვთქვათ, დათვის ბუნაგიდან, რომელიც შინაგან საქმეთა რაიონულ განყოფილებასა და პროკურატურაში ყველაფერს განაგებს, ყველას აშინებს და ყველასგან ფულს იღებს. დავით გურწიევი უძრავი ქონების წართმევის ფაქტზეც არის შემჩნეული - ჯერ კიდევ საბჭოთა დროიდან, 1987 წელს, მისმა მოგვარემ სამოთახიანი ბინა ქართულ ოჯახს მიჰყიდა... გურწიევმა მათ ეს ბინა წაართვა და ბინიდან გაყრილ მოხუცებს ხმის ამოღების შემთხვევაში, დაპატიმრებით ემუქრებოდა... დიახ, წაართვა, რადგან საქმე სასამართლომდეც კი არ მისულა და ამაზე კითხვაც კი არავის დაუსვამს...” - წერს ekhokavkaza.com-ს ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი.

გამოცემის ინფორმაციით, სახლის მოხუცი მეპატრონის ქალიშვილი, თამარ ბალხამიშვილი, რომელიც წეროვანში ცხოვრობს, 2014 წელს ცდილობდა ეს საქმე ახალგორის ე.წ. სასამართლოში შეეტანა, მაგრამ მას რაიონში შესვლის უფლებაც კი არ მისცეს - გურწიევის ჩარევით, მას საშვი არ მისცეს... ერთი სიტყვით, ეს ბინა გურწიევმა გაყიდა...

“ჩემი წყაროს ინფორმაციით, გამომძიებული გურწიევი ქართული მხარის მიერ დაფინანსებული საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ფულს იღებდა, - საიდუმლო არ არის, რომ თბილისი განაგრძობს ლენინგორის რაიონის სამედიცინო დაწესებულებებისა და სკოლების დაფინანსებას... მაგალითად ჯანდაცვის მიმართულებით, თანხები გამოიყოფა არამხოლოდ მედპერსონალის ხელფასებისთვის, არამედ სასწრაფო დახმარების მანქანების აღჭურვისთვის. ეს ფულადი სახსრები თბილისიდან დანიშნულ წარმომადგენელს ხელით ჩააქვს რეგიონში.

ამ თანხის სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე განაწილებამდე, ის მას უნდა გაუნაწილოს, ვინც უსიამოვნებებისგან დაიცავს. ასეთებს შორის კი, ჩემი წყაროს ცნობით ერთ-ერთია გურწიევი", - წერს ჟურნალისტი მურატ გუკემუხოვი.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, "გასული წლის ბოლოს, ლენინგორელმა მედიკოსებმა თბილისს შესჩივლეს, რომ მათ თანხა ვერ მიიღეს... შემდეგ ისიც გაირკვა, რომ გურწიევი მათ ემუქრებოდა თუ ჩივილს არ შეწყვეტდნენ, უსიამოვნებაში გაეხვეოდნენ... ომის შემდგომ წლებში, მისი გვარი არაერთ ბინძურ საქმეში ფიგურირებდა. მან დახურა დავით ბაშარულის მკვლელობის საქმე, ასევე მისი გვარი იყო ნახსენები, ბავშვთა სახლის მცირეწლოვან აღსაზრდელებზე სექსუალურ ძალადობაშიც” - წერს ekhokavkaza.com.

გამოცემის ცნობით, ადგილობრივი მოვაჭრეები მას შესჩიოდნენ, რომ რეკეტიორი მარეკ დუდაევი ყოველთვიურად 25 ათას რუბლს ართმევდათ, თუმცა ამის მიუხედავად, დუდაევი რატომღაც მაინც გაათავისუფლეს. გურწიევი სამოქალაქო აქტივისტის თამარ მეარაყიშვილის დევნაში აქტიურად მონაწილეობს, - სწორედ ის ემუქრებოდა თამარს საკანში ჩასმით...

"რაც შეეხება, არჩილ ტატუნაშვილის საქმეს - როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, გურწიევი, ბოსტნეულით მოვაჭრეებისგან ქრთამს იღებდა, “სავარაუდოდ, სწორედ აქ გადაიკვეთა მისი და ტატუნაშვილის ინტერესები... რატომ დააკავეს ტატუნაშვილი - ის ხომ წლების განმავლობაში დადიოდა რაიონში?.. მასზე ყველაფერი იცოდნენ, სად მსახურობდა, რას აკეთებდა და კითხვები მანამდე არ გასჩენიათ... თუმცა, სხვა საკითხია - თუ მან ქრთამის გადახდაზე უარი თქვა, ან შეეკამათა მათ, რაც შემდეგ საკმაო შორს წავიდა,“ - ვკითხულობთ სტატიაში.

ekhokavkaza.com-ის ინფორმაციით, ყველაფერი შეიძლებოდა მომხდარიყო, - ათეულობით მაგალითის მოყვანა შეიძლება, როდესაც მსხვერპლს გაუხსნელ დანაშაულებს “ჰკიდებდნენ”, ნარკოტიკებსა და იარაღს უდებდნენ. ამიტომ, როდესაც ტატუნაშვილის დივერსანტობაზე დაიწყეს ლაპარაკი, რაც გურწიევმა “დაამტკიცა” კიდეც, როდესაც ტატუნაშვილის სახლში, მისი ტერორიზმში მონაწილეობის “უტყუარი” მტკიცებულებები იპოვა და ცხინვალმაც თავის მართლების რეჟიმში დაიწყო საუბარი.

“ბოლო ათი წლის განმავლობაში, ძნელია სამხრეთ ოსეთში ისეთი ადამიანის პოვნა, რომელსაც ქვეყნისთვის იმდენი მორალური ზიანი მიეყენებინა, როგორც დავით გურწიევს... მას არც პრეზიდენტი წყალობს. გასული წლის 20 სექტემბერს, როდესაც ანატოლი ბიბილოვმა შს, საგანგებო სიტუაციების სამსახურებისა და სახელმწიფოს დაცვის სამსახურის, ასევე პროკურატურის თანამშრომლები დააჯილდოვა. მათ შორის, იყო დავით გურწიევი... ჩემი წყაროს ინფორმაციით, პრეზიდენტი მისი გვარით უკმაყოფილო დარჩა და დაჯილდოებაზე უარი თქვა”, – წერს მურატ გუკემუხოვი.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი