საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს ფრანგული ენისთვის ევროპული პოლიტიკური და საზოგადოებრივი ინსტიტუტების ოფიციალური ენის სტატუსის დაბრუნება სურს, რომელიც მას 1973 წელს ევროპის ეკონომიკურ თანამეგობრობაში დიდი ბრიტანეთის შესვლამდე ჰქონდა.
გამოცემა The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, აღნიშნული ცვლილება შესაძლოა „ბრექსიტის“ შემდეგ განხორციელდეს.
„ინგლისური ენა არასდროს იყო ბრიუსელში ასეთი აქტუალური, როგორც ის ახლა, „ბრექსიტის“ დაგმობის დროს არის, თუმცა მისი დომინირება გარდაუვალი არ არის“, - მოჰყავს გამოცემას მაკრონის სიტყვები.
The Wall Street Journal-ი წერს, რომ ამჟამად ინგლისური ენა ევროკავშირის მოსახლეობის 12,8%-ის ოფიციალური ენაა, თუმცა „ბრექსიტის“ შემდეგ ევროკავშირში ინგლისურ ენას ოფიციალური ენის სტატუსი მხოლოდ ორ ქვეყანაში - ირლანდიასა და მალტაში ექნება, სადაც ევროკავშირის მოსახლეობის 1,2% ცხოვრობს.
მაკრონის პოზიციას მხარს უჭერს ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან-კლოდ იუნკერიც, რომელიც ლუქსემბურგში დაიბადა, სადაც სამი ოფიციალური ენაა - ფრანგული, გერმანული და ლუქსემბურგული.
„რატომ აქვს შექსპირის ენას ვოლტერის ენაზე მაღალი სტატუსი? ჩვენ შევცდით, როდესაც ინგლისურ ენას ეს უპირატესობა მივანიჭეთ“, - განაცხადა იუნკერმა ერთ-ერთი ტელეინტერვიუს დროს.