ავტორი:

რატომ მოაშორეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს "პუტინის მარჯვენა ხელი"?

რატომ მოაშორეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებს "პუტინის მარჯვენა ხელი"?

ვლადისლავ სურკოვი, რომელიც რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში პუტინის თანაშემწედ წლების განმავლობაში მუშაობდა, ამჯერად, არაღიარებულ დონბასის რესპუბლიკაში დანიშნეს იმავე პოზიციაზე... ამის შესახებ ინფორმაცია უკვე გაავრცელა პრეზიდენტის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა.

შესაბამისი ბრძანება კრემლის საიტზე უკვე გამოქვეყნდა. რამდენიმე დღის წინ, რუსი ექსპერტები წერდნენ, რომ სურკოვი თანამდებობას საერთოდ დატოვებდა, თუმცა, მათი ვარაუდი არ გამართლდა. აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, მისი პერსონის გარშემო ინტერესი არ წყდება, რადგან მისი წასვლის შემდეგ, უამრავი რამ გახდა ცნობილი.

კრემლთან დაახლოებული პირების ცნობით, სურკოვის თანამდებობიდან წასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობდა. ერთი ვერსიით, ამის მიზეზი ის გახდა, რომ მის მიერ უკრაინის მიმართულებით შემუშავებულმა სტრატეგიამ არ იმუშავა და პუტინმა იქ სასწრაფოდ მისი გამოცდილი და სანდო კადრი გადაისროლა. კონკრეტულად, ვითარება ჩიხში შევიდა, რადგან მინსკის შეთანხმება, კიევსა და დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკას შორის, არ სრულდება, ამიტომაც საჭიროა “სხვანაირი, რეალობას მორგებული მუშაობა, როგორც ადგილობრივ ხელმძღვანელობასთან, ასევე, ახალი სახელმწიფოების გარშემო...” - წერს რუსული მედია. კიდევ ერთი ვერსიით, სურკოვს, კონფლიქტი ჰქონდა ФСБ-ს მეხუთე სამსახურთან, რომელიც დონეცკსა და ლუგანსკში კონტრდაზვერვის სამსახურზეა პასუხისმგებელი და ამიტომ არ ჩააბარეს ამ ორი ოლქების კურატორობა.

რუსი პოლიტოლოგის ნიკოლაი სილაევის თქმით, პუტინი მას იმდენად ენდობა, რომ ასე ადვილად ვერ შეელევა.

მით უფრო, რომ რომ პუტინის მარჯვენა ხელმა კონფლიქტის ზონაში არსებული სიტუაციის გარდა, დეტალურად იცის ФСБ-ს მაღალჩინოსნების გადაცდომებიც, “რომელსაც რუსეთის ხელისუფლება საჭიროების დროს მათ წინააღმდეგ ერთგვარ მექანიზმად იყენებს".

“სურკოვი მონაწილეობდა თითქმის ყველა მთავარ მოლაპარაკებაში, რომელიც მის კომპეტენციაშია, შესაბამისად ის საქმის კურსში აყენებდა პუტინსაც... თუ ჩვენ ვსაუბრობთ უკრაინაზე, ძნელია იმის თქმა, რა შედეგის მიღწევა შეიძლებოდა იქ მის გარეშე და რატომ ვერ მოხერხდა, თუმცა, რაც შეეხება, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, შეუძლებელია იქ მასზე უკეთესი კადრის პოვნა... ექსცესების მიუხედავად, ის შესანიშნავად უძღვებოდა თავის საქმეს, - ძნელია, ყველაფერი უნაკლოდ გააკეთო ისეთ ახალგაზრდა რესპუბლიკებში, სადაც კადრების პრობლემა არსებობს”, - აცხადებს სილაევი.

კიდევ ერთი რუსი პოლიტოლოგის ანდრეი ეპიფანცევის თქმით, სურკოვის გარშემო, აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო, მაგრამ პუტინი მისი საქმიანობის შესახებ კითხვებს ყოველთვის დელიკატურად არიდებდა თავს... აქ საუბარი არ არის მხოლოდ სამხედრო სფეროზე, არამედ კონფლიქტურ რეგიონებში ფინანსური და ეკონომიკური კუთხითაც. ახლა კი, საქმე ძალაუფლების გადანაწილებას ეხება.

“როგორც წესი, ყოველთვის უფრო საინტერესოა ის, რაც ზედაპირზე არ დევს, რუსული კომპანიები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სახელით რეგისტრირდებიან, რათა მათზე სანქციები არ გავრცელდეს და გარკვეული გზებით, სხვადასხვა ქვეყნებშიც ოპერირებენ... სურკოვი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში 2011 წლიდან იყო წარმოდგენილი, როდესაც რუსეთში ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური კრიზისი მძვინვარებდა. ვერ ვიტყვით, რომ სასიცოცხლო, მაგრამ პუტინის მარჯვენა ხელმა გარკვეული მიმართულებებით გამოსავლის პოვნა შეძლო.

სტრუქტურული თვალსაზრისით, ყველაფერი უფრო ადვილია, თუ საქმე ერთი ადამიანის მმართველობაში გადავა, მით უფრო, ისეთ ადგილებში, როგორიც არის, ახალგაზრდა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი... თუმცა, შესაძლოა, ვიღაცებს ახალი ეტაპის დასაწყებად ახალი კადრი სჭირდებოდეთ და ამიტომაც სურთ სურკოვის მოშორება, რომელსაც წლებია იქ პოზიციები ჰქონდა გამაგრებული,” - წერს რუსი პოლიტოლოგი ანდრეი ეპიფანცევი.

თავად აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში, სურკოვის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებიათ. ადგილობრივი მოსახლეობა კი სოციალურ ქსელში წერს, რომ სურკოვის გადაყვანით ისევ ადგილობრივი კლანები დაზარალდებიან, რომლებიც ჩრდილოვანი ბიზნესისგან სარგებელს იღებდნენ, მოსახლოებისთვის კი არაფერი შეიცვლება.

აფხაზეთში ხანძარი 11 000 ჰექტარზე გავრცელდა

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ქართველ ექიმს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

პირდაპირი გზა ჩეჩნეთსა და საქართველოს შორის -   რა იდეით გამოდის რამზან კადიროვი და  რას  ისახავს მიზნად პროექტი