მთელი დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით. ასევე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე სწორედ ამ ცვლილებებთან დაკავშირებით უნდა ესაუბრათ. თუმცა სხდომის დასრულების შემდეგ უმრავლესობის დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ არა სამთავრობო ცვლილელებებზე, არამედ UNICEF-ის კვლევაზე ისაუბრეს:
"უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ განვიხილეთ ყველა მიმდინარე საკითხი და მოვლენები, რომლებიც ბოლო პერიოდში ვითარდებოდა ქვეყანაში. განვიხილეთ გაერო-ს ეგიდით ჩატარებული კვლევის შედეგები მოსახლეობის კეთილდღეობის შესახებ. ბევრი ადამიანი კვლავ ელოდება ხელისუფლებისგან ქმედით დახმარებას და ჩვენ მთავრობისგან ველოდებით კონკრეტულ სამოქმედო გეგმას. რაც შეეხება სამთავრობო ცვლილებების საკითხს, ეს არ ყოფილა უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი", - განაცხადა თალაკვაძემ.
რა წერია UNICEF-ის კვლევაში, რომელზეც უმრავლესობის დეპუტატები 3 საათის განმავლობაში მსჯელობდნენ? - გაეროს ეგიდით წარმოდგენილი ანგარიში მოკლედ მიმოიხილავს 2017 წლის ივლის-აგვისტოში ჩატარებული "მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის" შედეგებს. აღნიშნული კვლევა 2009 წელს დაწყებული კვლევების მეხუთე ეტაპს წარმოადგენს. კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სოციალური ტრანსფფერების როლსა და ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებს:
კვლევის მიხედვით, საქართველოში სოციალური დახმარებები გახდა უფრო მიზნობრივი და ბავშვის დანამატთან ერთად ხელს უწყობს ბავშვთა სიღარიბის შემცირებას.
"მიზნობრივი სოციალური დახმარება უკეთ ხედავს ბავშვიან ღარიბ ოჯახებს; სიღარიბის დონე გაიზარდა მოსახლეობის ყველა ჯგუფისთვის; მოსახლეობისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდა ჯანდაცვის მომსახურებები; შემცირდა სხვაობა სოფელსა და ქალაქს და მდიდარ და ღარიბ მოსახლეობას შორის სკოლამდელ დაწესებულებში ჩართულობის თვალსაზრისით, თუმცა საბავშვო ბაღების არარსებობის გამო დაახლოებით 14 000 ბავშვი კვლავ ვერ დადის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებაში" - ეს არის იუნისეფის მიერ დღეს წარმოდგენილი მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ზოგიერთი შედეგი.
2017 წლის კვლევამ შეისწავლა სამომხმარებლო სიღარიბის, სუბიექტური სიღარიბისა და სოციალური გარიყულობის მაჩვენებლები.
"ბავშვები კვლავაც რჩებიან ყველაზე დაუცველ ჯგუფად საქართველოში" - აღნიშნა ლაილა ომარ გადმა, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში.
"ბავშვთა სიღარიბის შესამცირებლად აუცილებელია ყოვლისმომცველი სოციალური დაცვის სისტემა, ასევე უნდა გაიზარდოს ბავშვთა დახმარება როგორც მოცულობის, ასევე დაფარვის თვალსაზრისით. ამავდროულად უნდა გაუმჯობესდეს ოჯახის მხარდაჭერის მომსახურებები და ბავშვზე ზრუნვის სისტემა, რათა ბავშვიან ოჯახებს საქართველოში მეტი მხარდაჭერა ჰქონდეთ", -აღნიშნულია ინფორმაციაში.
მოსახლეობის კეთილდღეობის კვლევის ძირითადი მიგნებებია:
ზოგადი სიღარიბის მაჩვენებლები ქვეყანაში გაიზარდა, ძირითადად შენელებული ეკონომიკური ზრდის, უმუშევრობისა და სამომხმარებლო ფასების ზრდის გამო. შემოსავლის რეალური ზრდის გამო, ხალხი ნაკლებად მიიჩნევს თავს ღარიბად.
მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გაწეული დანახარჯები გაიზარდა. მედიკამენტების შეძენა კვლავ რჩება ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების მთავარ კომპონენტად. ეკონომიკურ სირთულეებთან თავის გართმევის მიზნით, უფრო მეტი ოჯახი მიმართავს სესხს. ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენება (ბანკები და ლომბარდები) გაიზარდა ღარიბ ოჯახებში.
ასევე კვლევის თანახმად, შინამეურნეობებისთვის გაუმჯობესდა საბაზისო სერვისებზე, მათ შორის ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა.
"ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რამაც ასახვა ჰპოვა სერვისების გამოყენების დონის ზრდასა და მასზე გაწეული ხარჯების ზრდაში. ჯანდაცვის პროგრამების შედეგად მოსახლეობის დიდ ნაწილს მიეცა შესაძლებლობა ისარგებლოს აღნიშნული სერვისებით, რაც თავის მხრივ ზრდის ჯანდაცვაზე გაწეულ ხარჯებს" - ნათქვამია კვლევაში.
აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, 2013 წელთან შედარებით, 2.7%-დან 18.2%-მდე გაიზარდა იმ შინამეურნეობების ხვედრითი წილი, ვინც რეგულარულ სამედიცინო შემოწმების სერვისით სარგებლობდა. გაზრდილია სხვა სამედიცინო სერვისების გამოყენების მაჩვენებლებიც, მათ შორის ჰოსპიტალური მომსახურება 4.4 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე; ქირურგიული ოპერაციები - 3,6 პროცენტიდან 7.7 პროცენტამდე, ორსულობის მონიტორინგი - 1.8 პროცენტიდან 2.3 პროცენტამდე.