თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, 26 ივნისს მუსიკალური პროექტის - "ოქროს ტალღა 2018"-ის დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.
"ოქროს ტალღასთან" დაკავშირებით, დღეს რადიო ჰოლდინგ "ფორტუნაში" პრესკონფერენცია გაიმართა. ორგანიზატორების ინფორმაციით, დაჯილდოებას მუსიკალურად ნიკოლოზ რაჭველი გააფორმებს. წლევანდელ დაჯილდოებაზე საქართველოში ორგზის გრემის მფლობელი ლიზა ფიშერი ჩამოდის.
რაც შეეხება თავად კონკურსს, მისი ერთ-ერთი გადამწყვეტი კრიტერიუმია სიმღერის პრემიერა, რომელიც რადიო ჰოლდინგის ოთხი რადიოდან ერთ-ერთში ("ფორტუნა", "ფორტუნა პლუსი", "არ დაიდარდო" და "ავტორადიოს") უნდა იყოს წარმოდგენილი. წელს, კონკურსში 15 ნომინაციაში გამარჯვებულებს, კომპეტენტური ჟიურის მოსაზრებების გათვალისწინებით დაასახელებენ. მათ გადაეცემათ "ოქროს ტალღის" სიმბოლო, წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებული კი განსაკუთრებულ პრიზს მიიღებს.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის სიმღერა; წლის საუკეთესო მომღერალი ქალი; წლის საუკეთესო მომღერალი მამაკაცი; წლის საუკეთესო ჯგუფი/ანსამბლი; ინტერნეტრჩეული (ხალხის რჩეული); წლის დებიუტი; წლის რიმეიქი; წლის დუეტი; წლის საუკეთესო ქალაქური სიმღერა; მუსიკის პოპულარიზაცია ქვეყნის ფარგლებს გარეთ; მუსიკის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილი; კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია და პროდიუსინგი; რადიო ჰოლდინგ „ფორტუნას“ რჩეული; ტელეკომპანია Music Box-ის რჩეული; წლის ტელეპროექტი.
დღევანდელ პრესკონფერენციას ესწრებოდა, „ოქროს ტალღა 2017“ - ის გამარჯვებული სტეფანე მღებრიშვილი.
„ძალიან კარგია, რომ რადიო ჰოლდინგმა თავის თავზე აიღო ეს დაჯილდოება. ეს მუსიკოსებისთვის საჭირო და დროული იყო, რათა სტიმული ჰქონოდათ ბევრი მუშაობისთვის. ვიცი, რომ წელს ძალიან ბევრი ნომინანტია“, - განაცხადა სტეფანე მღებრიშვილმა.
დაჯილდოების ცერემონიალის შესახებ ნიკოლოზ რაჭველმაც ისაუბრა, რომელმაც ღონისძიების მთავარ სტუმარზე გაამახვილა ყურადღება.
„წლევანდელი ცერემონიალი, რომელსაც საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი გააფორმებს მუსიკალურად, ჩემთვის არის ოცნების ახდენის საღამო. ვინაიდან, სცენაზე ჩემთვის ძალიან ძვირფასი ქართველი მომღერლები იდგებიან ჩემთან ერთად და ამავე დროს, საკონცერტო ნაწილის მთავარი სტუმარი იქნება ჩემი ძალიან ძვირფასი მეგობარი და მსოფლიოში აღიარებული მომღერალი ლიზა ფიშერი. მასთან ერთად მე სხვადასხვა პროექტში მიმიღია მონაწილეობა, მათ შორის ნიუ-იორკში“, - განაცხადა ნიკოლოზ რაჭველმა.
ორგანიზატორების ცნობით, ნომინაციაში -"ხალხის რჩეული" გამარჯვებულის გამოვლენისთვის ხმის მიცემა შესაძლებელია სპეციალურ ვებ გვერდზე www.goldenwave.ge, 24 ივნისის ღამის 00:00 საათამდე. სიმღერის ხმის მიცემა 24 საათის განმავლობაში, ერთი ID-დან ერთხელ ხდება.
პროექტის მხარდამჭერია: ქალაქ თბილისის მერია და ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული მუსიკალური ცენტრი. „ოქროს ტალღის“ საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: „პალიტრა ტვ“, „რუსთავი 2“, „იბერია“, „საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი“, „იმედი“, „ტვ1“, Music Box.