14 ივნისს, რიგით 21-ე მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი აიღებს სტარტს, რომელსაც წელს მოსკოვი მასპინძლობს. ჩემპიონატი რუსეთი-საუდის არაბეთის მატჩით დაიწყება და 15 ივლისს, ასევე მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ გასამართი ფინალით დასრულდება. მუნდიალის შეხვედრები რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონზე ჩატარდება.
ჩემპიონატის რუსეთში ჩატარებას უამრავი მოწინააღმდეგე ჰყავდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის გამო. უკრაინელმა არტისტმა ანდრეი ერმოლენკომ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის ალტერნატიული პოსტერები შექმნა, რომლებზეც კარგად ჩანს, რატომ უცხადებენ ბოიკოტს პოლიტიკოსები და ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები მუნდიალს - ოკუპაცია, ტერაქტების ასობით მსხვერპლი, სირია...
"მე მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ წელს მსოფლიო თასს არ ვნახავ და სხვასაც ვერ ვურჩევ ამას, რადგან შეუძლებელია მშვიდად უყურო ღონისძიებას, რომელიც სისხლშია გასვრილი. ბოლო წლებში რუსეთმა კარგად დაანახა ყველას თავისი სახე, როგორც ტერორისტისა, რომელმაც ყველა საერთაშორისო დოქტრინა დაარღვია, დაწყებული ქიმიური იარაღით, დასრულებული სხვა ქვეყნების არჩევნებში ჩარევით. ეს საშიშია და ამის თქმა მინდა ამ პოსტერებით" - ამბობს ერმოლენკო.