მე-11 კლასის მოსწავლეებისათვის გამოსაშვები გამოცდები დაიწყო. გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, გამოსაშვები გამოცდებისთვის დარეგისტრირებულია 39 000-მდე მოსწავლე. მოსწავლეები გამოცდებს იმ საგნებში ჩააბარებენ, რომელთა სწავლაც მე-11 კლასში დასრულდა. გამოცდა ოთხ საგანში (გეოგრაფია, ფიზიკა, ბიოლოგია, ქიმია) ტარდება.
გამოსაშვები გამოცდები გეოგრაფიის გამოცდით დაიწყო და 15 ივნისს ქიმიის გამოცდით დასრულდება. წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, ტესტირების დასრულებისას მოსწავლე ეკრანზე დაინახავს არა ქულას, არამედ შეტყობინებას იმის შესახებ, გადალახა თუ არა მან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, ანუ მიიღო მინიმალურ 5,5 ქულაზე მეტი თუ ნაკლები. იმ მოსწავლეებს, რომლებიც ვერ გადალახავენ ზღვარს რომელიმე საგანში (ან ვერ გამოცხადდებიან გამოცდაზე), შესაძლებლობა ექნებათ, შესაბამისი საგანი მე-12 კლასის ბოლოს, დანარჩენ ოთხ გამოცდასთან (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) ერთად ჩააბარონ.
სკოლის დამამთავრებელი გამოცდები კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირების ქართული მოდელით (Gcat) ტარდება.