მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ძლიერი წვიმის გამო სრულად მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
"ამ წუთებისთვის, ყველაზე მეტი შეტყობინება შემოსულია გლდანის რაიონიდან, სადაც დაიტბორა მეტროს სადგურ "ახმეტელის" შესასვლელი. მეტროს ფუნქციონირებას საფრთხე არ ემუქრება. მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს ამ წუთებშიც აწარმოებენ. წყლის დაგროვებამ გამოიწვია სამანქანო მოძრაობის შეფერხება გლდანის ხიდების მიმდებარე ტერიტორიაზე. მოვარდნილი წყლის მასის გამო მეხანძრე-მაშველები აწარმოებენ ჩარჩენილი მანქანების ქუჩებიდან გამოყვანას. ამ წუთებისთვის, მეხანძრე-მაშველები გლდანის რაიონში 5 სახლის სარდაფიდან აწარმოებენ წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს. წყლის ნაკადმა მოძრაობის შეფერხება გამოიწვია თამარაშვილის ქუჩაზეც, სადაც მეხანძრე-მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ. ძლიერი წვიმის შედეგად, მოქალაქეები არ დაშავებულან", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.