მაქსიმალურად ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ საქართველოს პარლამენტში საგამოძიებო კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კომისიას საქმის მასალების შესწავლა უკვე დაწყებული აქვს და მათთან გამოძიების დეტალებზე ისაუბრა.
"მაქსიმალურად ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. ისევ და ისევ გავიარეთ რაღაც დეტალები. ძალიან დამაჯერებელ დეტალებზე ვისაუბრეთ. კომისიამაც დაიწყო საქმის მასალების გაცნობა. დეტალებზე, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, თვითონაც საუბრობენ. იმედია, საბოლოო ჯამში ჭეშმარიტებას მივაღწევთ. რაც შეეხება სიას, მიმდინარეობს მუშაობა. არ გავაკეთებ ვრცელ კომენტარს იმაზე, თუ ვინ უნდა დაიბარონ. 24 საათიან რეჟიმში, ნებისმიერ დროს შემიძლია ვითანამშრომლო გამოძიებასთან. კონკრეტულ დეტალებს ახლა არ ჩავუღრმავდები, რომ გამოძიებას ხელი არ შევუშალო", - განაცხადა სარალიძემ.
რაც შეეხება სარალიძის პროტესტს ეკა ბესელიასთან დაკავშირებით, მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ბესელიას სასაუბროდ არ დაუჯდება, თუმცა, კომისიაში მის ყოფნასთან დაკავშირებით პრეტენზია არ აქვს.