სამართალდამცავებმა რუსთაველის გამზირზე აქციის სამი მონაწილე დააკავეს, ერთ-ერთი სავარაუდოდ ზვიად კუპრავაა. კუპრავას დაკავების შესახებ ინფორმაციას აქციის მონაწილეები ადასტურებენ. შს სამინისტროს პრესსამსახურში კი დეტალურ განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.რუსთაველზე, აქციის მონაწილეებისთვის გამოყოფილი ადგილი სამართალდამცველებმა გამთენიისას სპეციალური ბარიერებით შემოსაზღვრეს. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა განმარტეს, ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარეობს.
მანამდე კი პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სამართალდამცავებმა გაფრთხილება მისცეს და აქციის მონაწილეთა სიმცირიდან გამომდინარე სთხოვეს, რომ კარვები საავტომობილო გზიდან გადაიტანონ. აღნიშნულ გაფრთხილებას აქციის მონაწილეები არ ემორჩილებიან და აღნიშნავენ, რომ მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობამდე კარვების დაშლას ან გადატანას არ აპირებენ.
ზაზა სარალიძე მისი შვილის მკვლელების და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულთა დასჯას ითხოვს. დღეს მის მოთხოვნებს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას და იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადადგომის მოთხოვნა დაემატა.