ვაზიანი-გომბორი-თელავის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის დროს 21 დაშავებულიდან თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ამ დრომდე 8 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში ოჯახის წევრების მოთხოვნით თბილისში ორი არასრულწლოვანის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. ორი კი ბინაზე გაეწერა.მისივე თქმით, საავადმყოფოში რჩება გოგონა, რომელსაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარობა სტაბილურია. ხათუნა ჭონიაშვილი ვარაუდობს, რომ დანარჩენ 7 პაციენტს დღის პირველ ნახევარში გაწერენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ სოფელ თეთრწყლებთან მოხდა. სასკოლო ექსკურსიაზე მიმავალი მიკროავტობუსი რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. შედეგად ადგილზე 4 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი. დაშავდა 21 მგზავრი. მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მძღოლი დაკავებულია.