გომბორზე მომხდარი ავარიის დროს დაღუპული ბავშვის დედა თელავის რეფერალური საავადმყოფოდან თბილისში გადაჰყავთ.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტი თელავიდან იტყობინება, პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაწყდა მისი თბილისში გადმოყვანა.
"ამ ეტაპზე თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ავარიის დროს დაშავებულებს გამოკვლევები უტარდება, კერძოდ, დიაგნოსტიკა", - განაცხადა თელავის რეფერალური საადმყოფოს დირექტორმა ხათუნა ჭონიაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გომბორის უღელტეხილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, ასევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების და სამაშველო ჯგუფები.
გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 4 ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია. სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო 16 ადამიანმა, რომლებიც უკვე გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებაში".