მიკროავტობუსში, რომელიც გომბორზე ხევში გადავარდა, თბილისის 175-ე სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მათი მშობლები იმყოფებოდნენ. შემთხვევის შედეგად დაღუპულია ოთხი ადამიანი, დაშავებულია 10-ზე მეტი. დაღუპულებს შორის ერთი არასრულწლოვანია, დანარჩენები მშობლები და ბავშვების თანმხლები პირები არიან.
როგორც „ინტერპრესნიუსის“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან იტყობინება, გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
ავტოსაგზაო შემთხვევა დღეს დილით მოხდა. მიკროავტობუსი, რომელსაც თბილისიდან კახეთში ბავშვები ექსკურსიაზე მიყავდა, ხევში გადავარდა.
განახლებული ინფორმაცია შსს-სგან: "შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ გომბორის უღელტეხილზე თელავის რაიონის სოფელ თეთრი წყლების მიმდებარედ, კახეთის მიმართულებით მოძრავი მიკროავტობუსი, რომელშიც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები მშობლებთან ერთად იმყოფებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ამობრუნდა. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.