ხელვაჩაურში, სოფელ კირნათის ჰესთან ჯომარდობის დროს 4 ადამიანი დაიღუპა. მეოთხე გარდაცვლილი ცოტა ხნის წინ იპოვეს. როგორც თვითმხილველებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, ნავზე ოთხი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც მდინარეზე სეირნობდნენ.
მათი თქმით, კირნათის ჰესთან ნავი დაზიანდა და ნავში მყოფებმა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლეს.
"თურქეთის საზღვრიდან მდინარეზე მოსიერნობდნენ. წყალში ნავი რაღაცას გამოედო და დაზიანდა. ნავში მყოფები წყალში ჩაცვივდნენ, მართალია დამცავი ჟილეტები ეკეთათ, თუმცა მაინც დაიღუპნენ. გარდაცვლილთა შორის ერთი ადგილობრივია, სამი კი უკრაინელი ცოლ-ქმარი და შვილი", - განაცხადა თვითმხილმელმა ემზარ დიდმანიძემ.
"ნავი რაღაცას მოედო და დაეშვა. გადმოვარდნენ წყალში, ერთი ადგილობრივი ბიჭი ახლდათ, კარგი მცურავი იყო... კამერებიც ქონდათ, მაგრამ დაიხრჩვნენ. ტურისტები უკრაინელები იყვნენ და შარშანაც იყვნენ აქ ჩამოსული. წელსაც ჩამოვიდნენ დასასვენებლად და ეს მოხდა" - ყვება კიდევ ერთი თვითმხილველი.
ხელვაჩაურში შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და სამართალდამცველები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას.დაუდატურებელი ინფორმაციით, დაღუპულები უკრაინის მოქალაქეები არიან.